
მოგეხსენებათ, საქართველო ერთ-ერთი არის იმ ოთხი ქვეყნიდან, ფინალური ეტაპის მასპინძლობის პატივი რომ ერგო. კორონავირუსის გამო ფინალურმა ეტაპმა ერთი წლით – 2022 წლის შემოდგომამდე გადაინაცვლა. ასე რომ, მოსამზადებლად დრო საკმარისზე მეტია. ისიც გვეიმედება, რომ ახალი დარბაზი სრულად შესაბამისი იქნება პროექტისა, რომელიც ფიბა-ევროპამ მოიწონა. საფიქრალი სხვაა…
ევროპის ჩემპიონატი გრანდიოზული ტურნირია და სავარაუდოდ, კალათბურთის ათასობით უცხოელ გურმანსაც მოიზიდავს. სწორედ აქ უნდა გვეყოჩაღა და საკუთარი ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია მოგვეხდინა. ამის მაგიერ, ევროპირველობას სასაფლაოებიდან ოციოდე ნაბიჯში ვუმასპინძლებთ. ვერ უნდა იყოს გვიან საღამოს კალათბურთიდან გამოსული უცხოელისთვის მთლად მიმზიდველი სასაფლაოს გავლით საზოგადოებრივ ტრანსპორტამდე ჩასეირნება.

მეორე მხრივ, საძმო სასაფლაოს მეზობლად ტაშფანდურის ცენტრის გახსნა მკრეხელურიც კი იქნებოდა.გამოდის, რომ რეალურად დიდი მიზნისთვის (ევროპირველობის მასპინძლობა) გამოყოფილი 71 მილიონის (ამდენია გამოყოფილი ახალი დარბაზის მშენებლობაზე) უკუგებაც შეუძლებელი გახდება.მსგავსი, ოღონდ გაცილებით დიდ მასშტაბში საბერძნეთს დაემართა, როცა ოლიმპიური ობიექტები არარენტაბელურ და ძვირადშესანახ ტვირთად ექცა. თავს არ ვდებთ, რომ ეს ერთადერთი სწორი პოზიციაა, მაგრამ ვინც მიმდინარე მშენებლობას მოინახულებს, უთუოდ დაგვეთანხმება: საკალათბურთო ზეიმის მოლოდინს სერიოზულად აქარწყლებს სასაფლაოების მძიმე განწყობა და მიცვალებულთა ოჯახების წინაშე უხერხულობის გრძნობა.

