როდესაც „რეალმა” ლა ლიგის ბოლოსწინა ტურში „ვილიარეალს” 2:1 მოუგო და ესპანეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, 34 წლის ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი თანაგუნდელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გახარებული ჩანდა. 172 სანტიმეტრიანი მოთამაშისთვის ეს გახლდათ მეორე ესპანური ოქრო და ალბათ განსაკუთრებულიც, რადგან 1997 წლისგან განსხვავებით ის ძირითადად კრიშტიანუ რონალდუს სახელთან არ არის დაკავშირებული.

მას მერე, რაც პორტუგალიელი მეგავარსკვლავი 2018 წელს „იუვენტუსში” გადავიდა, დაიწყეს ლაპარაკი, რომ „რეალმა” ახალი ლიდერის ძიება უნდა დაიწყოს, თორემ ისე არაფერი გამოუვა.

ხორვატული „სპორტსკე ნოვოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში მოდრიჩმა რონალდუს წასვლაზე ილაპარაკა:

„იმის აღწერას, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო კრიშტიანუ რონალდუ „რეალისთვის” აზრი არ აქვს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მის წასვლას არ დავუთრგუნივართ და სულაც არ გვეგონა, რომ რონალდუს გარეშე ამბიცია აღარ უნდა გვქონოდა. პირიქით, დარწმუნებულები ვიყავით, რომ ტიტულებს მის გარეშეც მოვიგებდით”.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კრიშტიანუ „რეალში” თამაშობდა, მადრიდელებს ჰყავდათ მეორე ლიდერი — სერხიო რამოსი. პორტუგალიელის წასვლის შემდეგ, დაცვის ვარსკვლავმა თავისი ფუნქციები კიდევ უფრო გააფართოვა და საყოველთაო ლიდერობა მოირგო.

მოდრიჩი: „ჩემი ძმა, სერხიო, ფენომენია! ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩვენ რვა წლის განმავლობაში გამორჩევით დავმეგობრდით; ოჯახებით გვაქვს მისვლა-მოსვლა, შვებულებებს ერთად ვატარებთ, მოედანზე ხომ ერთად ვიბრძვით და დიდ წარმატებებსაც ერთად ვაღწევთ.

სერხიო 34 წლისაა და წარმოუდგენლად მაღალ დონეზე თამაშობს. როდესაც ამას უყურებ, ხვდები, რა თავგადაკლულ ადამიანთან გაქვს საქმე, გამარჯვების როგორი წყურვილით არის შეპყრობილი. ის ჩვენი გუნდის წამყვანი მოთამაშე და მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველია”.

რამოსი და მოდრიჩი ტოლები არიან. ხორვატი „რეალში” „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” 2012 წელს, 35 მილიონ ევროდ გადავიდა, 2018 წელს კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში გაიმარჯვა.

გასულ სეზონში ის „რეალის” ერთ-ერთი მთავარი საყრდენი მოთამაშე იყო — ლა ლიგის 31 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი შეასრულა.

მოდრიჩი: „წლეულს ჩემპიონები რომ გავხდით, ჩემთვის მოულოდნელი და გასაკვირი არ ყოფილა. კარანტინის დროს ყველანი ვვარჯიშობდით. მე ბიჭებთან მუდმივი კავშირი მქონდა და შევატყვე, რომ ყველა ჩვეულებრივზე მეტად იყო მოტივირებული. ვფიქრობ, ასეთი განწყობა მოულოდნელმა და უჩვეულო მდგომარეობამ, პანდემიამ გამოიწვია.

როდესაც, ბოლოს და ბოლოს, ერთად დავიწყეთ ვარჯიში, მოთამაშეებს შორის ადრინდელზე მეტი ურთიერთგაგება ვიგრძენი. ერთად თამაში გვსიამოვნებდა და ყველანი მთელი გულითა და სულით ჩავებით საქმეში”.