ზინედინ ზიდანი დღევანდელ მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანია. ის „რეალის” მწვრთნელია და კლუბს ორჯერ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ კლუბთა მსოფლიო თასი, ორჯერ ესპანეთის სუპერთასი და ორჯერაც ევროპის სუპერთასი მოაგებინა, მანამდე კი მადრიდელთა თეთრი მაისურით როგორც ფეხბურთელი სჩადიოდა სასწაულებს.

ესპანურმა გაზეთმა „მარკამ” ზიდანის „იუვენტუსისა” და „რეალის” დროინდელი თანაგუნდელების გამონათქვამები შეკრიბა, რომელთაც ქვემოთ გთავაზობთ.

ფერნანდო იერო

ის ჩვენთან სხვა ლიგიდან მოვიდა, იქიდან, სადაც ფეხბურთი სხვანაირად ესმით, მაგრამ შეეხო თუ არა ბურთს, ყველამ დავინახეთ თუ ვისთან გვქონდა საქმე და რა შეეძლო ამ კაცს.

ზიზუ არის ადამიანი, რომელიც არასდროს იტყუება. რაც ჩანს, ის არის. მას ფარული მხარე არ აქვს.

„რეალში” რომ მოვიდა, ის იყო მორცხვი და წყნარი; ყველას მოწიწებით ექცეოდა. ვარჯიშებზე მორიდებული იყო, თანაგუნდელებთან ურთიერთობაში თავს ზღუდავდა. ასეთია, მეტისმეტად გულწრფელი.

მისი ელეგანტურობა და უბრალოება არასდროს დამავიწყდება.

პაოლო მონტერო

შეუძლებელია, ის არ გყვარებოდა. ზიდანი იყო გამოკვეთილი პიროვნება და მორიდებული ლიდერი. ყველაზე მორიდებული, ვინც კი ოდესმე მინახავს.

ვალტერ სამუელი

მე მას ვიცნობ, როგორც წყნარ, ოჯახისთვის თავდადებულ, მოკრძალებულ ადამიანს. ასეთი მოთამაშეებისგან ბევრს სწავლობ.

მართალია, ჩემი პოზიცია სხვა იყო, მაგრამ დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი მის მოძრაობებს, დრიბლინგს; მის უნარს, პასს ყოველთვის მოხერხებულ პოზიციაში შეხვედროდა, რათა შემდეგ გადამწყვეტი საგოლე გადაცემა შეესრულებინა.

სანტიაგო სოლარი

ზიდანი იყო „რეალის” ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფიგურა. მის ამბავს სიტყვებით ვერ გადმოსცემ. ენით აუწერელია. დავანებოთ თავი. დაე, იყოს იქ, უდიადესთა შორის.

ალესანდო დელ პიერო

კარიერაში ბევრ დიდ ფეხბურთელს შევხვედრივარ. მცველებს — პაოლო მონტეროს, ფაბიო კანავაროს, პაოლო მალდინის; თავდამსხმელებს — ფილიპო ინძაგის, ფრანჩესკო ტოტის… მაგრამ მათ შორის ზიდანი გამოირჩეოდა. ის ენითაუწერელ ფეხბურთს თამაშობდა.

ზიდანი იყო ყველაზე უკიდურესად დახვეწილი ფეხბურთის წარმომადგენელი. მან ეს „იუვეშიც” დაამტკიცა, „რეალშიც” და ნაკრებშიც.

დევიდ ბექემი

არასდროს დამავიწყდება ზიდანის ბოლო ვარჯიში. გასახდელში მარტონი ვიყავით. ის მომიჯდა და მითხრა: „დიდი მადლობა ყველაფრისთვის რაც გააკეთე. მადლობა იმისათვის, რომ ჯადოსნურ გუნდში ჩემი თანაგუნდელი იყავი”.

ფლორენტინო პერესი („რეალის” პრეზიდენტი)

ზიდანი „რეალს” ღმერთმა გამოუგზავნა.