ბლანი, გვარდიოლა და ლუის ენრიკე… ორი უკვე წვრთნიდა „ბარსას”.

ბოლო დღეებში ხმა გავარდა იმის შესახებ, რომ „ბარსელონას” მწვრთნელის თანამდებობაზე კიკე სეტიენი შეიძლება ფრანგმა ლორან ბლანმა შეცვალოს. ამ მოსაზრებამ ინტერესი და ხმაური გამოიწვია, კატალონიურმა მედიამ კი გაარკვია, საიდან გაჩნდა ბლანის „კამპ ნოუზე” მიყვანის იდეა.

დამალული არ არის, რომ „ბარსელონას” თანამდებობაზე, ყველაზე მეტად, ახლო წარსულის დიდი ვარსკვლავის ჩავი ერნანდესის მიყვანა სურს, მაგრამ თავად ჩავის გაისამდე დაცდა უჯობს. საქმე ის არის, რომ კლუბში ახლოვდება საპრეზიდენტო არჩევნები და ერნანდესისთვის დაცდა უფრო გონივრულია. თუ პრეზიდენტი შეიცვლება, ახალს ის შესაძლოა საერთოდ არ უნდოდეს და რატომ უნდა შერჩეს ხელთ, ფაქტობრივად, სამსახურიდან გასაშვებად; თუ ძველი დარჩება და სჯობს ერთად დაიწყონ.

ასე რომ, ამ ზაფხულს „ბარსას” ისეთი კაცი ჰყავს მოსაძებნი, თან საქმეში ძლიერი რომ არის და თან მხოლოდ ერთი წლით რომ დაყაბულდება მუშაობას.

და სწორედ ასეთი ყოფილა ლორან ბლანი, რომელსაც თურმე იმედი ჰქონია, რომ ერთ წელიწადში „კამპ ნოუზე” მისი ნამუშევარი ისე მოეწონებათ, რომ ჩავის დაივიწყებენ და მას აღარ გაუშვებენ.

კატალონიაში წერენ, რომ ლორან ბლანის „ბლაუგრანას” მწვრთნელად დანიშვნის ალბათობა იზრდება.