ასაკის მიუხედავად, კრიშტიანუ რონალდუ რეკორდს რეკორდზე ამყარებს. 35 წლის პორტუგალიელმა „იუვენტუსისა” და „ლაციოს” შეხვედრაში სამ წუთში ორჯერ გაიტანა და გახდა მოთამაშე, რომელმაც სერია A-ში 50 გოლი ყველაზე მოკლე დროში შეაგდო.
გარდა ამისა, კრიშტიანუ ერთადერთია, ვინც 50 გოლი გაიტანა როგორც იტალიაში, ასევე ესპანურ ლა ლიგასა და ინგლისის პრემიერლიგაში. შესაბამისად, ყოველგვარი დავა, თუ როგორ ჩემპიონატში ეიოლება პორტუგალიელს თამაში აზრსმოკლებულია. სწორი პასუხია: ყველანაირში!
თუმცა, იტალიის პირველობის საუკეთესო ბომბარდირობისთვის ბრძოლა არ დამთავრებულა. „ბებერი ქალბატონისა” და „ლაციოს” შეხვედრა 2:1 დასრულდა და რომაელთაგან საპასუხო გოლი ჩირო იმობილემ გაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც რონალდუს ასევე იმობილეს მიმდინარე ჩემპიონატში 30 გოლი აქვთ შეგდებული და მათგან, 12 ორივეს პენალტით.
თამაშის მიმოხილვაში ჟურნალისტები წერენ, რომ ამ დღეს ჩვენ უკვე თვალსაჩინოდ ვიხილეთ პორტუგალიელი ვეტერანის კიდევ ერთი უნიკალური და ტრანსფორმაცია. ის მოხეტიალე ფორვარდიდან ახლა უკვე ეგრეთწოდებულ ზონალურ ცენტრფორვარდად ჩამოყალიბდა და მეტოქეებს უმალ სწორად შერჩეული მომენტითა და მაღალ ნახტომში შესრულებული თავურით სცემს თავზარს, ვიდრე ხაზებს შორის უნიკალური ქროლვით, რასაც ადრე აკეთებდა.
თუმცა, ამ ყველაფრამდე „იუვენტუსის” მარცხენა მცველმა ალექს სანდრომ „ლაციოს” კარის ძელს გაარტყა ბურთი, რასაც ერთი ხნის მერე, შორიდან, იმობილემ ძელითვე უპასუხა.
51-ე წუთზე კი რომაელმა ბასტოსმა თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა და მსაჯმა დანიელე ორსატომ ეპიზოდის VAR-თან გადამოწმების შემდეგ პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი რონალდუმ შეაგდო. ეს იყო მისი 50-ე გოლი სერია A-ში ჩატარებულ 61 შეხვედრაში. სამი წუთის შემდეგ კი პორტუგალიელმა 61-ე შეხვედრაში 51-ე გოლი გაიტანა, რაშიც უდიდესი წვლილი პაოლო დიბალას კოლეგიალობას ეკუთვნის (იხილეთ ვიდეო).
ამის შემდეგ რონალდუს კიდევ ჰქონდა სახიფათო მომენტები. მან თვალსაჩინოდ გამოავლინა დასწრებაზე თამაშისა და დარტყმის მომენტის სწორად შერჩევის საოცარი უნარი და მართალია, იმობილემ, როგორც ზემოთ ვახსენეთ, ეგრეთწოდებული პრესტიჟის გოლი გაიტანა, მაგრამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე, საყოველთაო აზრით კრიშტიანუ იყო.