საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, ეროვნული ლიგის მატჩებზე მაყურებლებს მალე დაუშვებენ.

„თვეზე მეტია, რაც ჩემპიონატი მაყურებლების გარეშე განახლდა. ადამიანების ჯანმრთელობა ყველაზე პრიორიტეტულია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ეტაპობრივად გარკვეული შეზღუდვების მოხსნა. ალბათ ნანახი გაქვთ კადრები, როცა სტადიონებს მიღმა ადამიანები ვიწრო სივრცეში იკრიბებიან და ეს ნამდვილად არ არის სასურველი. შესაბამისად, დადგა გულშემატკივრების სტადიონზე დაშვების საკითხი, რაც მომდევნო დღეებში პროტოკოლში იქნება შეტანილი. ხაზგასმით ვიტყვი, რომ ეს არ მოხდება ქაოსურად. რა თქმა უნდა, საჭირო იქნება დისტანციის დაცვა და გულშემატკივრების დასწრების პროცენტული რაოდენობა განისაზღვრება სტადიონების ტევადობის მიხედვით. სტადიონზე შესვლამდე თამაშზე დამსწრეთა მსურველებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ. დაცული იქნება ყველა ის ზომა, რომელიც თითოეული გულშემატკივრის ჯანმრთელობის დაცვისათვისაა აუცილებელი“, – თქვა კობიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.