კატალონიური მედია „ბარსელონას” „ოსასუნასთან” 1:2 მარცხის შემდეგ ლეო მესის ბრაზიან კომენტარს იხსენებს. მაშინ, „ბლაუგრანას” მეგავარსკვლავის სიტყვები მწვრთნელის კიკე სეტიენისა და კლუბის დღევანდელი სისტემის წინააღმდეგ გალაშქრებას ჰგავდა.

ასე თუ გავაგრძელებთ, „ნაპოლისთან” აუცილებლად წავაგებთო, თქვა იმ დღეს არგენტინელმა და მისმა ნათქვამმა კლუბის იერარქიაში შეშფოთება გამოიწვია.

თუმცა, ჩატარდა შემდეგი მატჩი „ალავესთან”, რომელიც „ბარსამ” 5:0 მოიგო და მესის ტონი მნიშვნელოვნად მორბილდა.

რა შეიცვალა?

„კატალუნია რადიოს” თქმით მესი და სეტიენი კვირას ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრის ინიციატორი მწვრთნელი ყოფილა, რომელსაც კაპიტნამდე პრეზიდენტ ჟოზეპ მარია ბარტომეუსთან ულაპარაკია.

მესისა და სეტიენის საუბარი მხოლოდ ნახევარ საათს გაგრძელებულა. რადიო ამბობს, რომ მწვრთნელის მიზანი სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ფეხბურთელის თავის ჭკუაზე გადაყვანა იყო და როგორც ჩანს, მან მიზანს მიაღწიაო.

კატალონიაში წერენ, რომ „ოსასუნასთან” წაგების შემდეგ ერთი შეხვედრა ფეხბურთელებსაც მოუწვევიათ. „ალავესთან” 5:0 სწორედ ამ შეხვედრის შედეგი იყოო, ამტკიცებენ ჟურნალისტები და დასძენენ, რომ მესისა და სეტიენის საუბრის შედეგს 8 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგაში, „ნაპოლისთან” ნახავენ.