30 ივლისიდან NBA განახლდება. რეგულარული ჩემპიონატი 14 აგვისტომდე უნდა მორჩეს, ხოლო 17 აგვისტოდან ფლეი ოფები დაიწყება. ვარაუდობენ, რომ ნახევარფინალების პერიოდი 31 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე გასტანს, აღმოსავლეთ – დასავლეთ კონფერენციების ფინალები კი 15-28 სექტემბრამდე ჩატარდება, ფინალური სერია კი 30 სექტემბრიდან 13 ოქტომბრამდე ჩანიშნეს.
გუნდებმა, რომლებიც საწვრთნელი ბანაკში 29 ივლისამდე დარჩებიან, უკვე გამოაქვეყნეს შემადგენლობები. „ინდიანა პეისერსის“ განაცხადშია გოგა ბითაძე, თუმცა ჩვენებურს საწვრთნელი მატჩების გამოტოვება მოუწევს. როგორც ირკვევა, 20 წლის ქართველი კალათბურთელი ბოლო კვირაა სრული დატვირთვით ვარჯიშს ვერ ახერხებს და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ტრავმა მძიმე არ არის და გოგა სეზონის განახლებამდე უნდა მომჯობინდეს.
ინდიანელები სეზონის განახლებამდე სამ საგამოფენო შეხვედრას ჩაატარებენ: „პორტლენდთან“ (23 ივლისს), „დალასთან“ (27 ივლისს) და „სან ანტონიოსთან“ (29 ივლისს). განახლებული რეგულარული ჩემპიონატის პირველ შეხვედრას კი, „პეისერსი“ 2 აგვისტოს ფილადელფიასთან გამართავს.