ძველი თაობის შესანიშნავი ამერიკელი მომღერალი ფრენკი ვალი და მისი ჯგუფი The Four Seasons ბოლოს გავიხსენოთ, დასაწყისში კი ის ვთქვათ, რომ ლა ლიგის ბოლო ტურში „რეალმა” „ლეგანესთან” სტუმრად 2:2 ითამაშა და კატალონიური პრესა გაახარა — სეზონის განახლების შემდეგ მადრიდელებმა თერთმეტიდან თერთმეტივე შეხვედრა ვერ მოიგესო.
სხვა საქმეა, რომ „ლეგანესს” სამი ქულა სჭირდებოდა და რაკი ვერ გაიმარჯვა, ლა ლიგიდან გავარდა — „ესპანიოლსა” და „მალიორკას” შეუერთდა.
ანგარიში მე-9 წუთზე სერხიო რამოსმა გახსნა. მას უნაი ბასტინსამ ვერ გაუწია ჯეროვანი მეურვეობა. „რეალის” კაპიტანმა ისკოს მიერ საჯარიმოდან ჩაკიდებული ბურთი კარში თავით იოლად შეაგდო.
პირველი ტაიმის მიწურულს ბრაიან ხილმა ანგარიში გაქვითა. ამ ეპიზოდში ჩემპიონთა მეორე მეკარე არეოლა უხეშად შეცდა.
შესვენების შემდეგ 7 წუთი რომ გავიდა „რეალი” კვლავ დაწინაურდა. საგოლე პასი, ამჯერად სწრაფი შეტევის დროს, ისევ ისკომ შეასრულა, გოლი კი მარკო ასენსიომ შეაგდო.
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, „ლეგანესს” გამარჯვება სჭირდებოდა და თან უნდოდა, „სელტას” ქულები დაეკარგა. „სელტამ” სურვილი შეუსრულა, „ესპანიოლთან” 0:0 ითამაშა, მაგრამ რად გინდა, თვითონ „კიტრებმა” ვერ მოიგეს. ერთადერთი, რაც მათ შეძლეს, ანგარიშის კიდევ ერთხელ გათანაბრება იყო — კოტ დ’ივუარელმა როჟე ასალემ ედერ მილიტაოს უდროო წაქცევით ისარგებლა და ბურთი კარში დაუმიზნა.
შემდეგ იყო ეპიზოდი, როდესაც ლუკა იოვიჩს თითქოსდა ხელზე მოხვდა ბურთი. ამ მომენტის ვიდეოს ქვემოთ გთავაზობთ. თავად განსაჯეთ სწორად მოიქცა თუ არა VAR-ი როდესაც „ლეგანესს” პენალტი არ დაარტყმევინა. კატალონიური პრესა კი რასაკვირველია აღშფოთდა და შესანიშნავად იხუმრა კიდეც; ოღონდ ინგლისურად.
აი, სწორედ აქ უნდა გავიხსენოთ დიდებული მომღერალი ფრენკი ვალი სიმღერით My Eyes Adored You, სადაც არის ფრაზა „შენ ხარ ასე ახლოს და იმავდროულად ასე შორს”. შორს ინგლისურად გახლავთ far და ერითმება სიტყვას VAR.
ხუმრობაც სწორედ ამაში მდგომარეობდა: „ლეგანესისთვის” ლა ლიგაში დარჩენა ასე ახლოს იყო, მაგრამ იმავდროულად ასე VAR აღმოჩნდაო.