„ბარსელონას“ ჩილელმა ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა საჩემპიონო სერია შეწყვიტა.
დასრულებული პრიმერა დივიზიონის შემდეგ ბარსელონელებმა მეორე ადგილი დაიკავეს და მადრიდის „რეალს“ ჩამორჩნენ. ვიდალისთვის ეს გამოდგა პირველი სეზონი ბოლო 9 წლის მანძილზე, როდესაც ოქროს მედალი ვერ მიიღო.
არტურო ოქროს მედლის გარეშე ბოლოს 2011 წელს დარჩა, როდესაც „ლევერკუზენის“ შემადგენლობაში ირჯებოდა. მას შემდეგ ტურინის „იუვენტუსთან“ ერთად სერია A 4-ჯერ მოიგო, მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად 3-ჯერ მოახერხა გერმანიის ჩემპიონობა, ხოლო წინა სეზონში ოქრო უკვე „ბარსელონასთან“ ერთად მიიღო.
ამ სეზონში ვიდალმა პრიმერა დივიზიონის 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა რვა გოლი და გააკეთა ორი საგოლე პასი.