კატალონიურმა „სპორტმა” ჩამოწერა ათი მიზეზი, თუ რატომ ვერ მოიგო „ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონის ტიტული. სეზონი „ბლაუგრანას” გულშემატკივრებისთვის გამაწბილებელი გამოდგა. ამის დასტური გუნდის კაპიტნის ლეო მესის ბოლო ინტერვიუა, რომელიც არგენტინელმა „ოსასუნასთან” საშიანო მარცხის შემდეგ მისცა და ბრაზი არ დამალა. კატალონიელთათვის გამაღიზიანებელი და იმავდროულად სიმბოლური გახლდათ ისიც, რომ ეს წაგება „რეალის” ჩემპიონობის დღეს დაემთხვა.
ეს გახლდათ ბოლო ათწლეულის ყველაზე ცუდი სეზონი, რომელიც ერნესტო ვალვერდემ დაიწყო და კიკე სეტიენმა დასრულდა.
გთავაზობთ იმ ათ მიზეზს, რომელიც „სპორტმა” ჩამოწერა:
- ცუდი დაგეგმვა
ვაისა და ვაგლახის ნიშნები ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როდესაც კლუბმა ძველებურად 2014-15 წლების გეგმა დასახა — სეზონში სამი მთავარი ჯილდოს მოპოვება მოინდომა. არადა, ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულთან” შეურაცხმყოფელი მარცხის შემდეგ, გუნდმა ესპანეთის სამეფო თასის ფინალიც წააგო, მაგრამ პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბარტომეუმ მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე არ გაუშვა. არადა, აშკარა იყო, რომ ვალვერდეს შესაძლებლობების მარაგი იწურებოდა.
კრიტიკული მომენტი იანვარში დადგა, როდესაც კლუბმა რამდენიმე ფეხბურთელი იჯარით გაუშვა, ის კი არა, ზოგი გაყიდა კიდეც და ამას ლუის სუარესის, ოსმან დემბელეს, სამუელ უმტიტისა და სხვების ტრავმებიც დაერთო. ამის გამო „ბარსელონას” სასწრაფო გამოსავლის ძებნაში მარტინ ბრაიტვაითის ყიდვა მოუხდა. - არასწორი შენაძენი
იყიდეს ოთხი ახალი ფეხბურთელი: ნიეტო, ფირპო, დე იონგი და გრიზმანი. დე იონგს პოზიცია ვერ შეურჩიეს. შესაბამისად, მანაც ვეღარ აჩვენა ის ფეხბურთი, რომელსაც „აიაქსში” თამაშობდა. ბოლოს სულაც დაშავდა. გრიზმანმა „ბარსელონაში” ვერა და ვერ გაიარა სრულყოფილი ადაპტაცია. ამის გამო სეტიენმა ის სეზონის განახლების შემდეგ სამ შეხვედრაში სკამზე დასვა და ამ მატჩებში გუნდმა ქულები დაკარგა. ფირპო ნედლი მოთამაშეა, ნიეტო კი ტერ შტეგენის სამარქაფოდ იყო, მეტი არაფერი. - პრობლემური გაყიდვები
თავიდან „ბარსელონამ” გადაწყვიტა რაკიტიჩი და ვიდალი გაეყიდა. მიზეზი ან სპორტული იყო, ან ფინანსური. ასე თუ ისე, მყიდველი არ გამოჩნდა, ხოლო ხორვატმა და ჩილელმა მათ მიმართ დამოკიდებულების ცვლილება კარგად ვერ მიიღეს.
რაც შეეხება არტურს, მისი მდგომარეობა სეტიენის ხელში, რაგინდ სასაცილოდ შეიძლება გეჩვენოთ, შეიცვალა, რადგან სეტიენი ერთშეხება, გახსნილი ფეხბურთის მომხრეა. თუმცა, ბოლოს მაინც მოუძებნეს მყიდველი — „იუვენტუსი”, ოღონდ ამის მერე „ბარსას” შემადგენლობაში მოედანზე ფეხი აღარ დაუდგამს. - გუნდი დაბერდა
„ბარსა” კვლავ იმ შემადგენლობას ეყრდნობა, რომელმაც 2015 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ამ ფეხბურთელების ოსტატობაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება, მაგრამ ისინი ხომ ხუთი წლით დაბერდნენ. მთავარი გუნდის 8 მოთამაშე 30-35 წლისაა და მათგან 6 რეგულარულად სასტარტო შემადგენლობაშია. - ლა მასია
ვალვერდეს სულ აკრიტიკებდნენ B გუნდს ზედ არ უყურებსო, მაგრამ სეტიენიც ასეთი აღმოჩნდა. მართალია, თითოოროლა კაცი აქა-იქ ორივემ ათამაშა, მაგრამ კარლეს პერესი, რომემაც სეზონი შესანიშნავად დაიწყო, იანვარში გაყიდეს და ამ მაგალითით კარგად ჩანს თუ როგორ დაკნინდა ბოლო წლებში, „ბარსელონაში”, საყმაწვილო აკადემიის როლი. - მწვრთნელის ცვლილება
არ აქვს მნიშვნელობა ბოლომდე ენდობოდნენ თუ არა ვალვერდეს ფეხბბურთელები; სეტიენმა კი მათთან კონტაქტი საერთოდ დაკარგა. ფაქტია: მწვრთნელის ცვლილებამ შედეგი ვერ გამოიღო.
სეტიენი თავგადაკლული კრუიფისტია, მაგრამ მან „ბარსელონას” სტილი ვერ აღუდგინა. მეტიც, გუნდმა უსახური, მოსაწყენი ფეხბურთის თამაში დაიწყო. ის ვერ დადგა მთავარი კონკურენტების, „რეალისა” და „ატლეტიკოს” დონეზე და ბოლოს იმდენი მოახერხა, რომ „ოსასუნასთანაც” კი წააგო. - პანდემიამ დაასუსტა
ზოგი გუნდი („რეალი”, „ატლეტიკო”, „ვილიარეალი”, „გრანადა”), კარანტინის შემდეგ მოტივირებული დაბრუნდა, „რეალ სოსიედადი” კი, მაგალითად, მოიმჩვარა. კარანტინმა არც „ბარსას” არგო — 6 მოგება, 3 ფრე და 1 წაგება. გუნდს სიცოცხლე აკლდა. ამას დაემატა ტრავმები უდროო დროს. გულს ერთადერთი, ლუის სუარესის დაბრუნება თუ ახალისებდა. - მესი და ტერ შტეგენი საკმარისი არ არის
მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენს ცუდი სტატისტიკის (36 გაშვებული გოლი, 14 უგოლო თამაში) მიუხედავად, საუცხოო სეზონი ჰქონდა. მესი კი კვლავ მესია (23 გოლი, 20 საგოლე პასი). მაგრამ, ორი კაცი „ბარსელონას” ტიტულს ვერ მოაგებინებდა. - სტუმრად სუსტი
კიდევ ერთი რამ, რაც ამ სეზონში „ბარსელონას” გამოარჩევდა, სტუმრად სუსტი თამაში იყო. მართალია, ამწუთას ერთი ტური კიდევ არის სათამაშო, მაგრამ სტატისტიკა ასეთია: შინ 50 ქულა, სტუმრად – 29.
2018-19 წლების სეზონში სტატისტიკა გახლდათ 48 შინ და 39 სტუმრად. - ყველაზე ცოტა ქულა 2007-08 წლების სეზონის შემდეგ
ბოლო ტურში „ალავესს” თუ დაამარცხებს, „ბარსას” ექნება 82 ქულა. ამაზე ცოტა გუნდს მხოლოდ ფრანკ რაიკარდის ბოლო სეზონში ჰქონდა — 67.