თექვსმეტწლიანი ბორძიკის შემდეგ „ლიდს იუნაიტედი” პრემიერლიგას დაუბრუნდა. ეს არგენტინელი მწვრთნელის მარსელო ბიელსას ხელმძღვანელობით მოხდა, რისთვისაც კლუბი მას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს. თუკი აქამდე ბიელსას ხელფასი წელიწადში 6 მილიონი გირვანქა იყო, ამიერიდან 8 მილიონი გახდება.

ცნობისთვის: წელიწადში 6 მილიონი გირვანქა ორჯერ მეტია, ვიდრე ინგლისის ნაკრების თავკაცის გარეთ საუთგეიტის ჯამაგირი.

ამრიგად, 64 წლის არგენტინელი „ელანდ როუდზე” სულ მცირე 2022 წლამდე დარჩება.

ბიელსას ახალ ხელფასს „ლიდსის” ხელმძღვანელები კარგა ხანია ამზადებდნენ და როგორც ინგლისში წერენ, ხელმოწერას რამდენიმე დეტალის ბოლომდე მიყვანაღა აკლია.

ლიდსელთა აღმასრულებელი შეფი ანგუს კინერაი ამბობს:

„ვიკტორ ორტა, ანდრეა რადრიძანი და მე ბიელსას შემდეგ კვირაში დაველაპარაკებით. ჩვენ ზუსტად დავგეგმავთ ყველაფერს, მათ რიცხვში იმასაც, თუ რას ვაპირებთ მომდევნო სეზონში.

მას აქვს თავისი ხედვა, იცის საით სურს გუნდის წაყვანა და აქედან გამომდინარე შეგვიძლია დაწვრილებით მოვილაპარაკოთ ყველაფერზე, სათამაშო საკითხებით დაწყებული მისი პირადი საკონტრაქტო წვრილმან-მსხვილმანებით დამთავრებული”.

მარსელო ბიელსას ამჟამინდელი კონტრაქტი რამდენიმე დღეში, ივლისის ბოლოს იწურება, მაგრამ მასში არის ერთი პუნქტი, რომლის თანახმადაც არგენტინელს და კლუბს შეუძლიათ თანამშრომლობა 12 თვით გაახანგრძლივონ. როგორც ირკვევა, მხარეებს აქამდე ამ საკითხზე არ ულაპარაკიათ, რადგან მწვრთნელმა ყველაფერი — საფეხბურთო საკითხებისა და პრემიერლიგაში აღზევების გარდა — მომავლისთვის გადადო.

ამბობდნენ, რომ თუ ბიელსას შარშანდელივით მოეცარებოდა ხელი, სამსახურიდან გაუშვებდნენ. მოგეხსენებათ, „ლიდსს” წინა სეზონში არ გაუმართლა და პრემირლიგაში აღზევების შანსი ჩემპიონატის მთლად მიწურულს დაკარგა, მაგრამ ზემოხსენებულმა რადრიძანიმ, რომელიც „ლიდსის” მთავარი მეწილეა და სპორტულმა დირექტორმა ორტამ მწვრთნელს ნდობა გამოუცხადეს. მათ ეჭვი არ შეპარვიათ, რომ არგენტინელი გუნდს წარმატებამდე მიიყვანდა.

მართლებიც გამოდგნენ.