„ლიდს იუნაიტედი” 2004 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდა პრემიერლიგაში. „თეთრები” მშობლიურ „ელანდ როუდზე” ზეიმობდნენ — ცნობამ იმის შესახებ, რომ „ვესტ ბრომვიჩი” „ჰადერსფილდთან” სტუმრად 1:2 დამარცხდა, „ლიდსს”, რომელმაც წინა დღეს „ბარნსლის” მოუგო 1:0, სანუკვარი ოცნება აუსრულა.
გულშემატკივრები კი covid 19-ის პანდემიის მიუხედავად სტადიონს გარეთ შეიკრიბნენ და დიდი რიარია მოაწყვეს.
ამრიგად, არგენტინელი მარსელო ბიელსას ბიჭებმა კლუბის ისტორიაში ახალი თავის წერა დაიწყეს, ფანებს კი მთელი ღამე ისეთი ორომტრიალი ჰქონდათ, რომ სულ მცირე ორი მანქანა დალეწეს. ფეხბურთელები სტადიონის ზედა სართულის ფანჯრებიდან ესალმებოდნენ გულშემატკივარს.
„ლიდსი” ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კლუბია. ის 1919 წელს დაარსდა და სამჯერ გახლდათ ინგლისის ჩემპიონი, ერთხელ ფლობდა ფეხბურთის ასოციაციის თასს, ერთხელ ლიგის თასს, თითოჯერ იყო ჩემპიონთა თასის (ახლანდელი ლიგის) და თასების მფლობელთა თასის ფინალში და ორჯერ მოიგო ბაზრობათა თასი, რომელიც შემდეგ უეფას თასად გადაკეთდა.