პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედთან” სადაცაა ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. „სანი” წერს, რომ კლუბი ახალ ამბავს სეზონის დასრულებისთანავე გამოაცხადებს.
ინგლისურ პრესაში კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ 27 წლის ფრანგმა ერთი წლის წინანდელთან შედარებით დამოკიდებულება შეცვალა. შარშან ზაფხულში ის „ოლდ ტრეფორდიდან” წასვლას აპირებდა, გაქცევაზე იყო.
covid 19-ით გამოწვეული უქმობის შემდეგ, მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა კოჭმორჩენილი მსოფლიოს ჩემპიონი კვლავ დააბრუნა მანჩესტერელთა ძირითად შემადგენლობაში.
ყველაზე ცუდად პოგბამ ალბათ „საუთჰემპტონთან” 2:2 დამთავრებულ შეხვედრაში ითამაშა. იმ დღეს ის რამდენჯერმე შეცდა. ერთმა შეცდომამ „იუნაიტედის” კარში გოლიც კი გამოიწვია. და მაინც, ამ შეხვედრაშიც კი, ნახევარმცველი ფრიად სასარგებლო იყო გუნდისთვის.
არადა, სულშერს ახალი „მანჩესტერ იუნაიტედის” შენება პოგბას გარეშე გარეშე ჰქონდა დაწყებული.
„რაც სეზონი განახლდა, პოლი შესანიშნავად თამაშობს და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეაქვს”, — თქვა ნორვეგგიელმა თავკაცმა.