წარმოიდგენდით? მარკუს რეშფორდმა მანჩესტერის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიიღო. მიზეზი: მან ღარიბ ბავშვთათვის 20 მილიონი გირვანქის აგროვებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.
„მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების 22 წლის თავდამსხმელი covid 19-ის კარანტინის გმირის სერ ტომი მურის გზას დაადგა და მთელს ინგლისში გაითქვა სახელი. რეშფორდი ტომი მურისგან განსხვავებით, რასაკვირველია ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ, როგორც გითხარით, ამჯერად მას უნივერსიტეტის დოქტორობა ებოძა. მან FareShare-ის აქციაში მიიღო მონაწილეობა და ღარიბ ბავშვთათვის 3,9 მილიონი სადილი შეაგროვა.
ამჯერად, რეშფორდი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, ვისთვისაც მანჩესტერის უნივერსიტეტს საპატიო დოქტორის წოდება მიუნიჭებია. „ოლდ ტრეფორდის” გმირთაგან ეს წოდება სერ ალექს ფერგიუსონსა და სერ ბობი ჩარლტონსაც აქვთ.
ზემოხსენებული სერ ტომას მური კი გახლავთ ბრიტანეთის არმიის ყოფილი ოფიცერი, ხალხში ცნობილი როგორც „კაპიტანი ტომი”, რომელმაც თავისი 100 წლის იუბილის წინ covid 19-თან საბრძოლველად დიდძალი ფული შეაგროვა. ის ყოველდღიურად 100 წრეს უვლიდა საკუთარ ბაღს, ხოლო ამ საქველმოქმედო „პერფორმანსის” შემყურე მოქალაქეებმა მითითებულ ანგარიშზე 32,7 მილიონი გირვანქა ჩარიცხეს.
