ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედის” ადგილი ქარმა მსაჯის დამატებულ დროში წაიღო. გოლი 97-ე წუთზე გავიდა, როდესაც ჯეიმს ვორდ-პროუსის ჩაწოდებულ კუთხურს მიკაილ ობაფემის თავური მოჰყვა და „საუთჰემპტონმა” ანგარიში გაათანაბრა — 2:2.
ობაფემი მოედანზე ათი წუთის შესული იყო.
ახლა, დარჩენილია სამი ტური და „იუნაიტედის” საქმე გაცილებით რთულადაა, ვიდრე გამარჯვების შემთხვევაში იქნებოდა. როგორც ოლე გუნარ სულშერი ამბობდა, ყველაფერი შეიძლება მართლაც ბოლო დღეს, „ლესტერთან” სტუმრობისას გადაწყდეს. მაგრამ, თუ ეს „ყველაფერი” მათ საწინააღმდეგოდ გადაწყდება, მაშინ მანჩესტერელ ფანებს დიდი სინანულით მოუწევთ იმ ეპიზოდის გახსენება, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენეთ, ხოლო ქვემოთ ვიდეოზე შეგიძლიათ ნახოთ.
დიახ, „მანჩესტერ იუნაიტედი” კვლავ დაუმარცხებელია — 18 თამაშია არ წაუგია, მაგრამ „ლესტერის” და „ჩელსის” ჩამოსატოვებლად „საუთჰემპტონთან” სამი ქულა სჭირდებოდა. ახლა ის 59 ქულით მეხუთეზეა. ამდენივე აქვს მეოთხეზე მყოფ „ლესტერს”; ხოლო „ჩელსი” მეოთხეზეა — 60 ქულა.
ინგლისური საიტები წერენ, რომ „იუნაიტედს” ასე კონცენტრაცია კარგა ხანია არ დაუკარგავს.
სხვათა შორის, ანგარიში სტუმრებმა გახსნეს და თან მე-12 წუთზევე („საუთჰემპტონის” საგოლე შეტევა პოლ პოგბას შეცდომის შემდეგ განვითარდა) მაგრამ სულშერის ბიჭებმა ჩამორჩენას ღირსეულად გაართვეს თავი. მე-20 წუთზე ანტონი მარსიალის პასით მარკუს რეშფორდმა გაქვითა, 23-ე წუთზე კი თავად მარსიალმა შეაგდო, ბრუნო ფერნანდეშის ასისტენტობის წყალობით.
ეს გახლდათ დავიდ დე ხეას მე-400 შეხვედრა „მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში, მაგრამ…