25 წლის ფრანგმა მცველმა ფერლანდ მენდიმ „გრანადასა” და „რეალის” წუხანდელ შეხვედრაში მადრიდული გუნდის შემადგენლობაში თავისი პირველი გოლი გაიტანა. წარმოშობით სენეგალელმა, რომელსაც 15 წლის რომ იყო ინვალიდის ეტლში მოხდა ჯდომა და ექიმები ეუბნებოდნენ, რომ ფეხბურთს ვეღარასოდეს ითამაშებდა, მახვილი კუთხიდან, ოსტატურად დაარტყა მასპინძლების კარში (იხილეთ ვიდეო) და გახდა 21-ე ფეხბურთელი, ვინც მიმდინარე სეზონში „რეალის” მაისურით გოლი გაიტანა.

სულ, მადრიდელთა ისტორიაში ფერლანდ მენდი არის 408-ე მოთამაშე, რომელმაც მეტოქის კარში ბურთი შეაგდო.

მენდი „რეალში” „ლიონიდან” გადავიდა და პირველსავე სეზონში კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. თან, ხუმრობა ხომ არ არის, მას არც მეტი-არც ნაკლები, ბრაზილიელ მარსელოსთან უწევს კონკურენცია.

„მენდის კარგი თამაში არ მიკვირს, — ამბობს „რეალის” მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, — ის ჩემი მოთხოვნით შევიძინეთ. ფერლანდი ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელია. მისი მარსელოსთან შედარება არ შეიძლება, რადგან მარსელო მარსელოა, მაგრამ მენდიმ უკვე დაამტკიცა, რომ ნამდვილად „რეალის” ფეხბურთელია”.

მიმდინარე სეზონის ბოლომდე მადრიდელთა დაცვის მარცხენა ფრთა მენდის ექნება ჩაბარებული. მიზეზი: მარსელო დაშავებულია.