ტობი ალდერვეირელდმა თამაშის მიწურულს თავური გოლი გაიტანა და ჩრდილო ლონდონის დერბი „ტოტენჰემსა” და „არსენალს” შორის მასპინძელთა გამარჯვებით დაამთავრა. ეს გახლდათ შეხვედრა დერბისთვის დამახასიათებელი ხალხმრავლობის და ღრიანცელის გარეშე. ერთადერთი, რისთვისაც მეტოქეები იბრძოდნენ ევროლიგაში თამაშის უფლება იყო, მაგრამ „სფურზის” თავკაც ჟოზე მოურინიუს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა.
„ტოტენჰემმა” კარანტინამდე და მის მერე რამდენიმე დუნე, უინტერესო თამაში ჩაატარა, რომელთა ფონზე „მეთოფეებთან” ცოცხალი შეხვედრა გამოვიდა. თან, თავიდან „არსენალი” იგებდა, ასე რომ „სფურზმა” მტკიცე ხასიათი და შეხვედრის შემოტრიალების შნოც გამოავლინა. შედეგად, „ტოტენჰემმა” „არსენალს” ცხრილში ადგილი გაუცვალა და მერვეზე გადავიდა.
საინტერესოა, რომ მიკელ არტეტას გუნდი დაახლოებით ერთი კვირის წინ ჯერ კიდევ ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებობდა, მაგრამ წინა სამშაბათს „ლესტერთან” 1:1-მა გაუფუჭა საქმე. და აი, კიდევ ერთი ფეხის დაცდენა — „ტოტენჰემთან” იგებდა და წააგო.
მატჩის ზოგადი სურათი ასეთი გახლდათ: ბურთს „არსენალი” ფლობდა, მაგრამ „ტოტენჰემმა” იმდენი სახიფათო მომენტი შექმნა, რომ წინა თამაშების შემყურე, ნირწამხდარ გულშემატკივარს გული გამოუკეთა.
ცუდი ის იყო, რომ გულშემატკივარი ამ ყველაფერს ტელევიზიით ადევნებდა თვალს და ამიტომ ეგრეთწოდებულ ახალ ლეინზე გამართული პირველი ჩრდილოლონდონური დერბი მთლად ის არ გამოვიდა, რაც „ტოტენჰემ ჰოთსფურ სთედიუმის” მშენებლებს წარმოედგინათ.
შეგახსენებთ, რომ „სფურზმა” წინა შეხვედრაში, „ბორნმუთთან” კარში საერთოდ ვერ დაარტყა. მას ბოლო 11 თამაშიდან მხოლოდ ორი ჰქონდა მოგებული, მაგრამ „არსენალთან” შეხვედრაში მეკარე ემილიანო მარტინესს უკვე მე-15 წამზე მოუწყო გამოცდა. დავიდ ლუისის შეცდომით ლუკას მოურამ ისარგებლა და დაარტყა, მაგრამ არგენტინელმა გოლკიპერმა ბურთი მოიგერია.
ტაქტიკური თვალსაზრისით ყურადსაღები ის იყო, რომ მოურინიუმ 4-4-2 სისტემას მიანიჭა უპირატესობა — სონი თავდასხმაში შეუწყვილა ჰარი კეინს. კეინს წინა 11 დერბიში 10 გოლი ჰქონდა გატანილი, მაგრამ ამჯერად ვერ შეაგდო. არადა, შეეძლო.
ანგარიში მე-15 წუთზე „არსენალმა”, კერძოდ ალექსანდრ ლაკაზეტმა გახსნა, თუმცა სამ წუთში „მეთოფეები” დაცვაში უხეშად შეცდნენ და სონმა გაქვითა.
დასასრულ, ალდერვეირელდის გოლშიც სონმა მიიღო მონაწილეობა, მან კუთხური ჩააწოდა, რაც შეგიძლიათ დართულ ვიდეოზე ნახოთ.
ამ წაგების შემდეგ დიდი შანსია „არსენალი” შემდეგ სეზონში საერთოდ ევრპული შეჯიბრების გარეშე დარჩეს.