დღეს, როდესაც მსოფლიო ერთი დიდი ჰიბრიდული ომის პირობებში ცხოვრობს, პროპაგანდისტული მანქანა კი ამ ომის ზემძლავრ იარაღად არის ქცეული, ვისმენთ, როგორ ამტკიცებს მოქალაქეთა ნაწილი, რომ სპორტი პოლიტიკისგან უნდა გაიმიჯნოს.

ამ თემაზე პოლემიკას არ ვაპირებთ. ვამჯობინებთ, წერილების ციკლი შემოგთავაზოთ, რომლებშიც მსოფლიო სპორტის ისტორიიდან კონკრეტულ ამბებს გავიხსენებთ.

პრაღაში საბჭოთა ტანკების შესვლიდან 7 თვის შემდეგ, შვედეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩეხოსლოვაკია და საბჭოთა კავშირი ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ეგებ მაშინ, ნახევარი საუკუნეზე მეტი ხნის წინ, ჩეხეთში ვინმე ამტკიცებდა კიდეც, რომ სპორტი პოლიტიკისგან უნდა გაიმიჯნოს და სტოკჰოლმური მატჩები მხოლოდ ჰოკეია და არაფერი მეტი, თუმცა ისტორიას ამ ადამიანების სახელები არ შემოუნახავს, ხოლო ვისიც შემოინახა, მათ იმ სოციალისტური რეჟიმის დროსაც არ დაუმალავთ, რომ ყველა, ვისაც მკერდზე წითელი ვარსკვლავი ეხატა ოკუპანტი იყო – ჰოკეისტებიც და ტანკისტებიც, პრაღის ქუჩებში რომ დააგელვებდნენ რკინის მონსტრებს.

შვედეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე საბჭოთა კავშირმა 10 მატჩი ჩაატარა. ამათგან 8 მოიგო და ორში დამარცხდა – ორივეჯერ ჩეხებთან!

„ბიჭები პატრიოტები იყვნენ და ეზიზღებოდათ ოკუპაცია. მზად ვიყავით, ყინულზე გულები დაგვეტოვებინა,“ – იხსენებს ჩეხოსლოვაკიის ნაკრების თავდამსხმელი იან ჰაველი. იმ დროს ის 26 წლის იყო.

„ჩვენ ისეთი ძლიერი მოტივაცია გვქონდა, რომ ერთადერთი არჩევანი გვრჩებოდა: გამარჯვება ან სიკვდილი,“ – იხსენებს ნახევარი საუკუნის სემდეგ იან სუჰი, რომელიც იმ შეხვედრისას 24 წლის იყო.

ბორის მიხაილოვი: დიახ, რაღაც ნეგატიურიო ანაბეჭდი არსებობდა. მე ვერ ვიტყვი, რას გვეძახდნენ თამაშის დროს მეტოქე ჰოკეისტები. ეს მათ სინდისზე იყოს.

1969 წლის მარტში ჩეხოსლოვაკია კრემლის უმძლავრესი კონტროლის ქვეშ მოექცა. ყველაფერი კი 1968 წლის აგვისტოში დაიწყო, როდესაც სახელმწიფოს მეთაურის, ალექსანდრ დუბჩეკის დაწყებულ რეფორმებს საბჭოთა კავშირმა ტანკებით გადაუარა. ჩეხებს ცენზურაზე უარის თქმა და პოლიტიკური თავისუფლება სურდათ. მოსკოვი პრაღას ამას არ აპატიებდა.

საბჭოთა ჰოკეის ლეგენდისთვის, ბორის მიხაილოვისთვის ეს პირველი მსოფლიო ჩემპიონატი იყო. საბჭოთა ახალგაზრდა, ყველაფერს, ცხადია, ჩეხებისგან განსხავვებულად ხედავდა – ისე, როგორც ეს საბჭოთა პროპაგანდისტულ მანქანას სურდა.

ბორის მიხაილოვი: დიახ, რაღაც ნეგატიური ანაბეჭდი არსებობდა. მე ვერ ვიტყვი, რას გვეძახდნენ თამაშის დროს მეტოქე ჰოკეისტები. ეს მათ სინდისზე იყოს.

რისი თქმაც მიხაილოვს ეუხერხულება, არ მალავს ჰაველი: „მათ რუს ძაღლებს ვეძახდით, რადგან შეეძლოთ დაერტყათ ან ეჩხვლიტათ. მე ამას სიმხდალეს დავარქმევ, რადგან მზად იყვნენ, ტრავმა მოეყენებინათ.“

იან ჰაველი: მათ რუს ძაღლებს ვეძახდით, რადგან შეეძლოთ დაერტყათ ან ეჩხვლიტათ. მე ამას სიმხდალეს დავარქმევ, რადგან მზად იყვნენ, ტრავმა მოეყენებინათ.

ჩეხებმა პირველი გოლი იმ დროს გაიტანეს, როდესაც საჯარიმო სკამზე ერთდროულად 2 საბჭოთა ჰოკეისტი აღნმოჩნდა. შაიბა იან სუჰიმ შეაგდო. ის მატჩი კი ჩეხოსლოვაკიამ 2:0 მოიგო. საფინალო სირენის შემდეგ კი სრულიად უჩვეულო რამ მოხდა: ჩეხებმა მეტოქეს ხელი არ ჩამოართვეს! ეს პოლიტიკური მანიფესტი იყო, თუმცა კადრი სახელმწიფო ტელევიით არ გასულა – რეპორტაჟი მატჩის დასრულებისთანავე შეწყდა.

ჰაველი იხსენებს, რომ სასტუმროსთან მათ ამერიკელები ელოდნენ. თითოეულ მათგანს ვისკის ბოთლი ეკავა. ასე მიულოცეს ამერიკელებმა ჩეხებს საბჭოთა კავშირზე გამარჯვება.

პრაღაში, ვაცლავის მოედანზე კი, ლამის მთელი ქალაქი შეიკრიბა.

 

ჩეხოსლოვაკიის და საბჭოთა კავშირის მეორე დაპირისპირება შვედეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე 28 მარტს შედგა. ჩეხებმა პროტესტის კიდევ ერთი მწვავე ფორმა მოიფიქრეს. სათამაშო ფორმაზე ამოქარგულ ჩეხოსლოვაკიის გერბზე არსებული წითელი ვარსკვლავი შავი ლეიკოპლასტირით დაფარეს.

ნამდვილ ჩეხურ გერბზე ლომს თავზე გვირგვინი ადგას, სოციალისტური ჩეხოსლოვაკიის გერბზე კი გვირგვინი 5-ქიმიანი ვარსკვლავით იყო შეცვლილი. ამდენად, ჩეხი ჰოკეისტების ეს საქციელი ყველასთვის მარტივად გასაგები და აბსოლურურად უკომპრომისო გზავნილი იყო!

მეორე შეხვედრა ჩეხებმა 4:3 მოიგეს და ეს ანგარიში თავისებურ პოლიტიკურც სიმბოლოდ იქცა: პრაღაში, უამრავი სახლის კედელზე გაჩნდა ეს წარწერა: 4:3. მარტივი და ყველასთვის გასაგები ანტისაოკუპაციო გზავნილი!

გამარჯვების შაიბა ამ მატჩში იაროსლავ ჰოლიკმა შეაგდო. ამის მერე ის ყინულზე დაეცა, ყვანჯი ავტომატივით მოიმარჯვა და საბჭოთა სათადარიგო სკამი “დახვრიტა”… ბევრი გაბედავდა პროტესტის ასეთი ფორმით გამოხატვას?

Jaroslav Holík | Vyhledávání | Jihlavská Drbna - zprávy z Jihlavy ...
იაროსლავ ჰოლიკმა ყვანჯი ავტომატივით მოიმარჯვა და საბჭოთა სათადარიგო სკამი “დახვრიტა”…

​გამარჯვების შემდეგ პრაღაში დაწყებული სპონტანური ზეიმი, არეულობებში გადაიზარდა. მოქალაქეთა ჯგუფმა „აეროფლოტის“ წარმომადგენლობა დაარბია. თუმცა ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, რომელთა შორის ამერიკელი დიპლომატებიც იყვნენ, დარბევის პროვოცირება თავად უშიშროების სამსახურმა მოაწყო, შემდგომი რეპრესიების გასამართლებლად.

ჩეხი ჰოკეისტები კარგა ხანს ატარეს სპეცსამსახურებმა დაკითხვებზე. კითხვები პირველ რიგში გერბზე ვარსკვლავის დაფარვის ფაქტს ეხებოდა.

იან ჰაველს ერთი წლით ნაკრებში თამაში, დანარჩენ მოთამაშეებს კი საბჭოთა კავშირის ნაკრებთან გამარჯვებაზე კომენტარების გაკეთება აუკრძალეს.

ტელევიზიას 30 წლით ჩამოაშორეს კომენტატორი ვლადიმირ ვაჰა, რომელმაც მეორე მატჩის რეპორტაჟის დროს გულშემატკივრებს მოუწოდა: „აღნიშნეთ გამარჯვება როგორც საჭიროა!“

და მაინც…

„ეს ფანტასტიური იყო. ჩვენ ცხადია, ვიცოდით, რომ ხალხი დაგვხვდებოდა, მაგრამ ასეთ დახვედრას ნამდვილად არ ველოდით. ემოციისგან ყველანი ვტიროდით,“ – იხსენებს ჩეხების მეკარევ მიროსლავ ლაცკი.

რაც ჩეხებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გააკეთეს, გაკეთებად ნამდვილად ღირდა.

When the World Cheered Athletes' Political Resistance
4:3 ძლიერ პოლიტიკურ გზავნილად იქცა