ლოკომოტივს ბათუმთან ვერც მწვრთნელის შეცვლა დაეხმარა – 1:4

გია ნემსაძე წარმატებული ფეხბურთელი იყო, საქართველოს ნაკრების კაპიტანი. ახლა კი, ცდილობს დაამტკიცოს, რომ მწვრთნელობაც კარგად შეუძლია. ყოველ შემთხვევაში, მისი „დილა“ ერთპიროვნული ლიდერია და კერკეტ „მერანთან“ ოთხი გოლის გატანაც ხუმრობა არ არის.

საინტერესოა, რომ ნემსაძის ოპონენტი ამჯერად გიორგი დარასელია გახლდათ, რომელთანაც შიდაქართლური კლუბის ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდია დაკავშირებული.

შესანიშნავ ფორმაშია გორელთა უკრაინელი მიკოლა კოვტალიუკი. 5 ტურში მიკოლამ ორჯერ შეასრულა დუბლი, ერთიც „სამტრდიას“ გაუტანა და ხუთი გოლით ბომბარდირთა დავასაც თავკაცობს.

გია ნემსაძის დილა ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს

კახა ჩხეტიანი ქუთაისს თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვთნელის რანგში ეწვია… უმაყურებლო „კლასიკო“ ამჯერად კარგი საცქერი ვერ გამოდგა, გუნდები თითქოს ფრთხილობდნენ და თამაშიც თანაბარი გამოვიდა. მეორე ტაიმში მასპინძელი ქუთაისელები უფრო გაყოჩაღდნენ, ხარიხასაც გაარტყეს ბურთი, მაგრამ ეს იყო და ეს. გოლი არ გასულა. შედეგად, „დინამომ“ ერთპიროვნული ლიდერობა „დილას“ დაუთმო.

უჭირს „საბურთალოს.“ პაუზის შემდეგ თეიმურაზ შალამბერიძის შეგირდები სასურველ ფორმაში ჯერ ვერ არიან. ამის დასტური მატჩის ბოლოსკენ კოხრეიძის გაცუდებული მომენტია, როცა გიორგი უღონოდ დაეცა მეტოქის საჯარიმოში. თუმცა, მანამდე პენალტი სწორედ მან გაუტანა თელაველებს.

ამ შეხვედრაში იყო ეპიზოდი, როცა მსაჯს რაფაელ ჩუკვურა უნდა გაეძევებინა, ნიგერიელმა სათამაშო ეპიზოდში წიხლი ჩასცხო იმავე კოხრეიძეს. თუმცა კიკაჩეიშვილი ყვითელი ბარათით დაკმაყოფილდა. შესაძლოა, კარგად ვერც დაინახა, რა მოხდა. ამიტომ გვჭირდება ვიდეოარბიტრი. რომელიც, სხვათა შორის, ძვირი სიამოვნებაა.

ავადმყოფობის შემდეგ მამია გავაშელიშვილმა პირველი გოლი გაიტანა

„თელავმა“ კი პირველად წააგო მიმდინარე სეზონში.

ცუდი დებიუტი გამოუვიდა გიორგი ჭიაბრიშვილს „ლოკომოტივში.“ რკინიგზელებმა ბათუმელებთან 1:4 წააგეს. ეს ზღვისპირელთა პირველი გამარჯვება გახლდათ ახალ სეზონში მიჯრით ოთხი ფრის შემდეგ. დუბლი მიითვალა ბრაზილიელმა ჯოვინო ფლამარიონმა.

მასპინძელთან კი ერთაერთი გოლი მამია გავაშელიშვილმა გაიტანა, რაც განსაკუთრებით გამოსაჩევი მოვლენაა. მოგეხსენებათ, მამიამ მძიმე სენი დაამარცხა, მანამდე კი წელიწადზე მეტ ხანს ვერ თამაშობდა.

რკინიგზელებმა ზედიზედ მეორედ წააგეს, თანაც ორ მატჩში 7 გოლი გაუშვეს. მეკარეების უხეში შეცდომებიც იყო, მაგრამ დაცვის ხაზი აშკარად დასალაგებელია, რითიც ალბათ ჭიაბრიშვილი გარდაქმნებს დაიწყებს.

შემდეგ ტურში კი „დინამო“ – „დილაა.“

სამტრედია 0:0 ჩიხურა

ლოკომოტივი 1:4 ბათუმი

0:1, 0:2 ფლამარიონი (5, 25), 0:3 გაგოშიძე (34), 1:3 გავაშელიშვილი (59), 1:4 ჯიღაური (88)

საბურთალო 1:0 თელავი

1:0 კოხრეიძე (67 პენ)

დილა 4:0 მერანი

1:0 კოვტალიუკი (57), 2:0 გაგნიძე (63), 3:0 ლექვთაძე (74), 4:0 კოვტალიუკი (85 პენ)

ტორპედო 0:0 დინამო

გაძევება: გრიგალაშვილი (69, ტორპედო); ქიმაძე (69, დინამო)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362112373:2775
დინამო36217859:2870
დილა361710948:3561
საბურთალო361512952:4057
ლოკომოტივი361581357:5953
თელავი361281635:5344
სამგურალი369141334:4641
ტორპედო369131438:4440
შუქურა365121928:4927
სამტრედია36562533:7621

16 ივლისი: თელავი – ჩიხურა

17 ივლისი: მერანი – სამტრედია

18 ივლისი: საბურთალო – ლოკომოტივი, ბათუმი – ტორპედო

19 ივლისი: დინამო – დილა

მეგოლეები: მიკოლა კოვტალიუკი (დილა) – 5, ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) – 4, ჯამბულ ჯიღაური, ჯოვინო ფლამარიონი (ორივე – ბათუმი), გიორგი ფანცულაია (ტორპედო) – 3.