საზღვარგარეთ გატარებული ექვსი წლის შემდეგ 26 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ემრე ჩანი გერმანიაში დაბრუნდა და „დორტმუნდის” საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა:

„ძალიან მადლიერი ვარ ყველა იმ კლუბის, სადაც ვთამაშობდი („ლივერპული”, „იუვენტუსი”). უდიდესი გამოცდილება შევიძინე. უცხოეთში როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი გავიზარდე, დავღვინდი. იქ საუცხოო წლები გავატარე”.

შემდეგ ჩანმა უფრო დაწვრილებით დაახასიათა ქვეყნები, სადაც ბურთის გორება მოუხდა.

„ინგლისში დიდებულ ფეხბურთს თამაშობენ. იქ ბევრი ორთაბრძოლაა, ერთმანეთს ზუსტ გრძელ პასებს აწვდიან. ეს ძალიან განსხვავდება იტალიისგან, სადაც ყველაფერს საფუძვლად ტაქტიკა უდევს”, — თქვა მან.

დღეს ემრე ჩანი კვლავ ბუნდესლიგაშია, სადაც 2013 წელს, 19 წლისას, პროფესიული დებიუტი ჰქონდა. მაშინ ის „ბაიერნში” თამაშობდა.

დაბადებით ფრანკფურტელი მიუნხენში სრულიად ყმაწვილი გადავიდა.

„იმხანად საოცრად მოწადინებული ვიყავი. წარმატება მწყუროდა. „ბაიერნში” 15 წლისა მივედი, მაგრამ არაფრის მეშინოდა. ჩემი მწვრთნელი გახლდათ შტეფან ბეკენბაუერი, რომელიც სამწუხაროდ მალევე გარდაიცვალა (ფრანც ბეკენბაუერის ვაჟი შტეფანი 2015 წელს ტვინის სიმსივნემ იმსხვერპლა. ის 46 წლისა იყო).

„ბაიერნში” რომ მივედი 19 წლამდელებში დამაწყებინეს ვარჯიში, თუმცა 17 წლამდელებში მათამაშებდნენ. თექვსმეტისამ კი უკვე 19 წლამდელებში დავიწყე თამაშში. ტოლებთან შედარებით უფროსი ვჩანდი, მაღალი და ნიჭიერი ვიყავი.

და აი, პროფესიულ ფეხბურთში ყოფნის მეორე წელიწადს „ბაიერნში” პეპ გვარდიოლა მოვიდა.

გვარდიოლას პირდაპირ ვკითხე, ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის რა შანსი მქონდა. მან გულწრფელად მიპასუხა, რომ ძალიან გამიჭირდებოდა. მე კი ვხვდებოდი, რომ ჩემი განვითარებისთვის აუცილებელი იყო რაც შეიძლება ბევრი მეთამაშა და სკამზე რაც შეიძლება იშვიათად ვმჯდარიყავი. სწორედ ამ დროს გამოჩნდა „ლევეკუზენი”. ეს იყო დროული წინადადება. ასე დავშორდი „ბაიერნს”.

ამრიგად, 2013 წლის ზაფხულში, სატრანსფერო სეზონის მიწურულს, ემრე ჩანი 5 მილიონ ევროდ „ბაიერნიდან” „ლევერკუზენში” გადავიდა, ერთი წლის შემდეგ კი ის 12 მილიონ ევროდ „ლივერპულმა” შეიძინა.

2018 წელს ჩანი თავისუფალი აგენტის რანგში „იუვენტუსში” გადაბარგდა, წლეულს კი 25 მილიონ ევროდ „დორტმუნდის” ფეხბურთელი გახდა.

ჩანი: „დორტმუნდის” მიმართ ყოველთვის დიდი სიმპათიით ვიყავი განწყობილი. თანაც, მინდოდა მეთამაშა კლუბში, სადაც ვჭირდებით. ასეთი კლუბი სწორედ „დორტმუნდი” გამოდგა. მე და მას ერთმანეთი გვჭირდება”.