კატალონიური მას-მედია „ბარსელონას” წინააღმდეგ მსაჯობაზე ჩივილს განაგრძობს. „სპორტი” წერს, რომ რაც ლა ლიგის სეზონი განახლა, VAR-ი „რეალის” შეხვედრებში ძალიან აქტიურია და მადრიდის კლუბს ეხმარება, „ვალიადოლიდისა” და „ბარსელონას” მატჩში (0:1) კი საეჭვო ეპიზოდების გადამოწმება არ ინება.
ხსენებულ თამაშში იყო ორი მომენტი, როდესაც „ბლაუგრანას” ფეხბურთელები თერთმეტმეტრიანს ითხოვდნენ. უფრო მძაფრი პროტესტი ლუის სუარესს ჰქონდა. მან ხავი სანჩესთან ორთაბრძოლის შემდეგ მოითხოვა პენალტი, მაგრამ მატეო ლაოსმა თამაშის გაგრძელება ბრძანა. ეპიზოდზე ყურადღება არც VAR-ზე მომუშავე ასისტენტმა მარტინეს მუნუერამ გაამახვილა.
ხოლო მეორე ბარსელონელი, რომელმაც პენალტი მოითხოვა ჟერარდ პიკე იყო. მას ერთ-ერთი კუთხურის დროს გაუჩნდა პრეტენზია, მაგრამ VAR-მა არც ამ შემთხვევაში ჩათვალა ჩანაწერის გადამოწმება საჭიროდ.