ბერგამოს „ატალანტამ” ტურინის „იუვენტუსთან“ 2:2 ითამაშა და იტალიის ჩემპიონატების ერთ-ერთი უნიკალური მიღწევაც გაიმეორა.
შეხვედრაში ანგარიში დუვან საპატამ გახსნა. ეს მისი მე-15 გოლი იყო მიმდინარე სეზონში. ამდენივე აქვს გატანილი იოსიპ ილიჩიჩს, ლუის მურიელის ანგარიშზე კი სულაც 17 გოლია. ამრიგად, „ატალანტა“ პირველი გუნდია 1952 წლის შემდეგ, ვისაც შემადგენლობაში 15 და მეტი გოლის გამტანი ერთბაშად სამი ფეხბურთელი ჰყავს.
შორეულ 1952-ში ტურინის „იუვენტუსის“ შესანიშნავმა სამეულმა უწია ამ ნიშნულს – ერმეს მუჩინელიმ, ჯამპიერო ბონიპერტიმ და იონ ჰანსენმა.
რაც შეეხება ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატს, ბოლოჯერ მეტოქეებს გოლების ასეთი თავსხმა ნეიმარმა, ედინსონ კავანიმ და კილიან მბაპემ პსჟ-ის მაისურით 2018/2019 წლების სეზონში მოუწყვეს.
