„ბარსელონამ” სტუმრად მოუგო „ვალიადოლიდს” 1:0 და ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა, ოღონდ, საამისოდ „რეალმა” უნდა დაკარგოს ქულები. ამჟამად, მადრიდელებს 35 შეხვედრიდან 80 ქულა აქვთ, „ბარსას” კი 36 შეხვედრიდან 79.
„რეალის” მოგებებს „ბარსელონას” მხარდამჭერი მედიის სტატიებზე დაყრდნობით გაცნობთ ხოლმე; ახლა ვნახოთ რა დაწერა „ბლაუგრანას” წარმატებაზე AS-მა. მადრიდულმა გაზეთმა ხაზი გაუსვა, რომ „ბარსელონას” წარმატებას მხოლოდ არითმეტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, თორემ ფეხბურთის თვალსაზრისით საინტერესო არაფერი ყოფილა — იყო არტურო ვიდალის ერთი გოლი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის მიერ გადარჩენილი გუნდი და პიკე. ამის მიღმა ვერაფერი ვნახეთო.
AS-მა გააკრიტიკა ანტუან გრიზმანი, რომელიც კიკე სეტიენმა შესვენებისას შეცვალა. მერე, პრესკონფერენციაზე, მწვრთნელმა თქვა, რომ ფრანგმა მას შეცვლა თავად სთხოვა და მას ამ დღეებში ბარძაყის კუნთები ექნება გამოსაკვლევი.
გრიზმანის მაგივრად მოედანზე ლუის სუარესი შევიდა, რომლის პირველივე წუთიდან არყოფნა სეტიენმა თავდამსხმელის გადაღლით ახსნა.
კიკე სეტიენმა აგრეთვე თქვა, რომ დასვენება სჭირდება ლეო მესისაც, რომელიც სეზონის განახლების შემდეგ ერთი წამით არ ჩამომჯდარა, მაგრამ შეხვედრაში, სადაც ანგარიში მხოლოდ 1:0 იყო და ქულების დაკარგვის ხიფათიც არსებობდა, მწვრთნელი ასე ვერ გარისკავდა. დღევანდელი „ბარსა” ისეთი გუნდია, რომ მესის დასვენება მხოლოდ 2:0-ის ან 3:0-ის შემდეგ შეიძლება.
„ვალიადოლიდთან” შეხვედრის ერთადერთი გოლიც არგენტინელის პასით გავიდა. ეს მე-15 წუთზე მოხდა. AS წერს, მესი ამ ბოლო დროს საგოლე პასების გადამწოდებლად ჩამოყალიბდა, თავად კი ადრინდელზე ნაკლებად შედეგიანიაო.
მადრიდული გაზეთის მიმოხილვაში ყურადღება მიიპყრო ასეთმა წინადადებამაც: შეცვლებმა „ბარსელონა”, რომელიც მეორე ტაიმებს ისედაც უფრო სუსტად ატარებს ხოლმე, კიდევ უფრო დაასუსტა.
ამრიგად, ესპანური დოღი გრძელდება.
„რეალს” უახლოესი თამაში ხვალ, ორშაბათს, გრანადაში აქვს.