რობერტ ლევანდოვსკი

კრიშტიანუ არა, ლეო მესი არა და გერმანელები არა…

ასეთი იყო ესპანური „მარკას” გერმანელი ექსპერტის ოლივერ ბირჰოფის კრიტერიუმები, როდესაც ის პლანეტის ხუთი საუკეთესო თავდამსხმელის დასახელებაზე ფიქრობდა. 52 წლის ვეტერანმა, რომელიც ფეხბურთელობის წლებში თავად გახლდათ ფორვარდი და თავი ისეთ კლუბებში თამაშით გამოიჩინა, როგორებიც იყო „მილანი” და „მონაკო”, ხუთეულში ბუნდესლიგის ორი წარმომადგენელი მაინც შეიყვანა.

„ძნელი ამოცანა მერგო, — თქვა გერმანიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელსაც ზურგს ბუნდესმანშაფტში ჩატარებული 70 თამაში და 37 გოლი უმაგრებს, — მაგრამ საბოლოოდ ხუთეული მაინც შევადგინე. მე ამ ფორვარდებს დავასახელებდი: რობერტ ლევანდოვსკი, მო სალაჰი, ჰარი კეინი, ერლინგ ჰოლანდი და… ალბათ ქარიმ ბენზემა”.

ის, რომ ბირჰოფმა პირველ ნომრად რობერტ ლევანდოვსკი დაასახელა, გასაკვირი არ არის. „ბაიერნის” პოლონელმა თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში თასზე 6 გოლი გაიტანა, ბუნდესლიგაში 34, ჩემპიონთა ლიგაში კი 11 გოლით ლიდერობს. ამდენი, ევროპის ხუთი წამყვანი ლიგიდან არავის შეუგდია.

ბავარიელთა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა ამასწინათ თამამად თქვა: „უკვე შეიძლება მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად ბუნდესლიგელის დასახელებაზე ფიქრი”.

2008 წლიდან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ან მესის ასახელებენ ან რონალდუს. ერთხელ იყო ლუკა მოდრიჩი და ეს არის.

მეორე ბუნდესლიგელი, რომელიც ბირჰოფმა ხუთ საუკეთოში შეიყვანა, გახლავთ ნორვეგიელი ყმაწვილი ერლინგ ჰოლანდი. ის „დორტმუნდში” ზალცბურგის „რედ ბულიდან” 2020 წლის იანვარში გადაბარგდა.

ჰარი კეინის და მოჰამედ სალაჰის ამბავი გასაგებია, მათ ხუთეულში ყოფნას დიდი დასაბუთება არ სჭირდება, ხოლო ბენზემა მართლაც შესანიშნავ ფორმაშია და თუ „რეალი” ესპანეთის ჩემპიონი გახდება, დიდი წვლილი სწორედ ფრანგისა იქნება. მას ჩემპიონატის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე ლა ლიგაში 17 გოლი აქვს გატანილი.