ტრადიციასავით დამკვიდრდა, „რეალის” ყოველი ახალი შეხვედრის მიმოხილვას კატალონიურ, პრო-ბარსელონურ პრესას დავესესხებით ხოლმე. მიზეზი მარტივია, „ბარსას” მხარდამჭერი მედია ჩასაფრებულია და მადრიდელთა ყოველ მოგებას გამადიდებლით აკვირდება.

ახალი თამაში, ძველი ისტორია! — წერს ამჯერადაც უკმაყოფილო „სპორტი” — „რეალს” ისევ პენალტი დაარტყმევინეს, რასაკვირველია საეჭვო, რის შემდეგაც მადრიდელებმა „ალავესი” დაამარცხეს და ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ცხრილში ოთხი ქულით ლიდერობენ.

სერხიო რამოსის არყოფნაში თერთმეტმეტრიანი ქარიმ ბენზემამ გაიტანა. პენალტი კი იმიტომ დაინიშნა, რომ ხიმო ნავარომ თითქოს ფერლანდ მენდი წააქცია. მენდიმ ყველა ღონე იხმარა, მისი წაქცევა წესების დარღვევას რომ დამსგავსებოდა.

ბენზემას ზუსტი დარტყმის წყალობით, „რეალის” პოსტკორონული პენალტების ასპროცენტიანი რეალიზაცია გრძელდება.

„სპორტს” მიაჩნია, რომ შეხვედრის ბედი სწორედ ბენზემას მიერ გატანილმა პენალტმა გადაწყვიტა, თორემ მანამდე, პირველი 11 წუთის განმავლობაში, „ლავესმა” ძელსაც გაარტყა და სახიფათო მომენტიც შექმნა.

მეორე გოლი შესვენების შემდეგ გავიდა, როდესაც იმავე ბენზემას პასით მარკო ასენსიომ შეაგდო, მაგრამ თანამსაჯმა ოფსაიდი ასწია. VAR-მა ეპიზოდი გადაამოწმა და გოლი ჩათვალა.

მატჩის შემდეგ ასენსიომ VAR-ის გადაწყვეტილებაზე ასეთი კომენტარი გააკეთა: „გარეშე ცხვირებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ საბრძოლო განწყობას ვინარჩუნებთ და ეს მოედანზე დავამტკიცეთ”.

ამ შეხვედრაში თავი გამოიჩინეს მეკარეებმა, „რეალის” ტიბო კურტუამ და „ალავესის” რობერტო ხიმენესმა.