No description available.იტალიური „კალიარის“ ფორვარდი ჯოვანი სიმეონე არც მალავს, რომ მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაშზე ოცნებობს. მოგეხსენებათ, მადრიდულ კლუბს მამამისი დიეგო უდგას სათავეში. უმცროსი სიმეონეს თქმით, ეს სულაც არ არის გადამწყვეტი ფაქტორი.
„მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაში ჩემი იცნებაა. ბავშვობიდან ვქომაგობ ამ გუნდს და სულ მინდოდა მისი წევრობა. ახლა იქ მამაჩემია მთავარი მწვრთნელი, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, სურვილი არ გადამივლის. რა თქმა უნდა, სასიამოვნო იქნებოდა მამის ხელმძღვანელობით თამაში. ისიც მესმის, რომ ძალიან ძნელია მოხვდე გუნდში, რომელსაც ის წვრთნის,“ – თქვა ჯოვანი სიმეონემ.
ახალგაზრდა ფორვარდმა ამ ამ სეზონის 30 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 13-14 მილიონი ევროა. თავის მხრივ, „ატლეტიკო“ ფორვარდს ეძებს. ერთი შეხედვით, მარტივად მოგვარებადი ამბავია, მაგრამ აკი თქვა ბიჭმა, მამაჩემის გუნდში მოხვედრა ძნელი საქმეაო. უფროს სიმეონეს ჯერ ედინსონ კავანი სურდა, მაგრამ ურუგვაელს მეტისმეტი მადა აღმოაჩნდა. ახლა მისი ჯილა პოლონელი არკადიუშ მილიკია, რომელსაც „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2021 წელს ეწურება. თუ „ატლეტიკო“ ფეხბურთელის წაყვანას ახლავე მოისურვებს, 50 მილიონი ევროს გაღება მოუწევს.