მანჩესტერში ხალხს სერ ალექს ფერგიუსონის დრო გაახსენდა: „იუნაიტედში” ყმაწვილები თამაშობენ და ისინი ყველაფერს ბრდღვნიან!
ოლე გუნარ სულშერის გუნდი შემტევ ფეხბურთს რომ თამაშობს, ამის დასტური პრემიერლიგის მიმდინარე ჩემპიონატში მის სასარგებლოდ დანიშნული სარეკორდო(!) 13 პენალტია, ხოლო ყველა შეჯიბრებაში ერთად მანჩესტერელებმა 18 თერთმეტმეტრიანი დაარტყეს. მათ შორის იყო გუშინდელი საეჭვო პენალტიც, რომლის წყალობითაც ბრუნო ფერნანდეშმა „ასტონ ვილასთან” 27-ე წუთზე ანგარიში გახსნა.
პენალტი იმდენად საეჭვო გახლდათ, რომ როგორც „სანი” წერს, მსაჯები ასეთებს თვით როი კინის ეპოქაშიც კი არ ნიშნავდნენ, როდესაც ის და მისი მეგობრები მსაჯებს ავი სახეებით დასდევდნენ. სტატისტიკა მეტყველებს, რომ რაც ჩემპიონატი განახლდა, ფერნანდეშმა მსაჯი ჯონ მოსი უკვე მეორედ მოატყუა — თერთმეტმეტრიანი დაანიშნინა. ალბათ, მოსი პორტუგალიაში სტაჟირებაზეა გასაშვები.
პირველ შემთხვევაში VAR-მა ტყუილი დაინახა — ეს მოხდა „ტოტენჰემთან” შეხვედრაში (1:1); გუშინ კი ვიდეორეფერიც შეცდა. მან ჩათვალა, რომ ფერნანდეშმა იზრი კონტას, რომლის ნამდვილი გვარ -სახელია იზრი კონსა ნგოიო, დააბიჯა.
ახლა ინგლისური მას-მედია წერს, რომ ბრუნო ფერნანდეში შესანიშნავი ფეხბურთელია, ოღონდ მან შეიძლება „მყვინთავის” სახელი დაიგდოს.
სამაგიეროდ, „იუნაიტედმა” მეორე შეაგდო შესანიშნავად — 18 წლის მეისონ გრინვუდმა ივაჟკაცა.
გრინვუდი მრავალმხრივ ნიჭიერი ბიჭია. ის სწრაფია, მიზანმიმართული, ჭკვიანი, ელვის პრესლის თეძოები მიმართულების მოულოდნელ შეცვლაში ეხმარება, მაგრამ მისი ტუზ-კოზირი კარში ზუსტი დარტყმაა. თვით ოლე გუნარ სულშერი ამბობს, რომ ზუსტი დარტყმის უნარით ასე დაჯილდოებული ფეხბურთელი, მას აქამდე არ უნახავს.
მესამე გოლი კი „ასტონ ვილას” პოლ პოგბამ უკვე შესვენების შემდეგ გაუტანა.
ამრიგად, „მანჩესტერ იუნაიტედი” უკვე 17 შეხვედრაში დაუმარცხებელია და თუ „მანჩესტერ სიტის” ვექილები კლუბს ევროდისკვალიფიკაციიდან ვერ იხსნიან, ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშებაში ის მიიღებს მონაწილეობას. უფრო ზუსტად, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ასეთ შემთხვევაში მონაწილეობა ვერ მიიღოს.
მეტსაც გეტყვით. „სიტის” ვექილებმა რომც იყოჩაღონ, „იუნაიტედს” მაინც შეუძლია მოახერხოს და ჩემპიონთა ლიგაში გამოვიდეს. საქმე ის გახლავთ, რომ ოთხეულში მოსახვედრად „იუნაიტედის” კონკურენტი არის „ლესტერი”. გუნდებს შორის სხვაობა ერთი ქულაა და ისინი ერთმანეთს ბოლო ტურში ხვდებიან…