ოლე გუნარ სულშერს იმედი აქვს, რომ ბოლოს და ბოლოს გაუგებრობა დასრულდება და პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედთან” ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.
ინგლისური მას-მედია იხსენებს, რომ შარშან ამ დროს მსოფლიოს ჩემპიონმა განაცხადა, „ოლდ ტრეფორდიდან” წასვლა და ძალების ახალ ადგილას მოსინჯვა მინდაო.
მას მერე 27 წლის ნახევარმცველმა სეზონის შეწყვეტამდე მხოლოდ 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რაც დიდწილად კოჭის ტრავმით იყო განპირობებული.
ჩემპიონატის განახლების შემდეგ კი ფრანგი თითქოს შეცვალესო. სულშერი მისი თამაშითა და საქმისადმი დამოკიდებულებით კმაყოფილია. ის ამბობს:
„იმედი მაქვს, რომ კონტრაქტთან დაკავშირებით რამეს მოვახერხებთ. მას მერე, რაც პოლი დაბრუნდა, უკეთ და უკეთ თამაშობს. ის ბურთაობისგან სიამოვნებას იღებს და ვნახოთ სადამდე მიგვიყვანს ეს ამბავი.
ჩვენ გვინდა „მანჩესტერ იუნაიტედში” საუკეთესო ფეხბურთელები შემოვიკრიბოთ. მიზნად მომავლის გუნდის შექმნა გვაქვს დასახული”.
დღეს მოქმედი კონტრაქტის თანახმად პოლ პოგბას „ოლდ ტრეფორდზე” ერთი სეზონიღა დარჩა გასატარებელი, თუმცა იქვე წერია პუნქტი, რომლის თანახმადაც მხარეებს შეუძლიათ იმავე ხელშეკრულების მოქმედება კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივონ. გეხსომებათ, რომ პოგბას შეძენით დაინტერესებული იყო „რეალი”, მაგრამ covid 19-ის პანდემიამ კლუბებს ეკონომიკურად ისე დაარტყა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” გამოსასყიდ თანხას, 100 მილიონ გირვანქას, რომც დააკლოს, მადრიდელები ვერ შეწვდებიან.
სულშერი: „ასეთია რეალობა. პანდემიის მერე მსოფლიო სხვანაირია. შეიცვალა ფინანსური სიტუაცია და შეიცვალა ფასეულობები”.
თავად „მანჩესტერ იუნაიტედს” „ასტონ ვილადან” ჯეკ გრილიშის გადაბირება სურდა, მაგრამ როგორც ჩანს გადაიფიქრა, რადგან ნემანია მატიჩი ძველებურად ათამაშდა, პოგბა აღარ მიდის და ფრთაზე სკოტ მაკტომინეი დადგება.
და მაინც, სულშერს გრილიში ძალიან მოსწონს და დღეს საღამოს, „ასტონ ვილასა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” შეხვედრაში მის განეიტრალებას ალბათ დიდ ყურადღებას დაუთმობს.