The FA Community Shield on displayმეტისმეტად გადატვირთულმა საფეხბურთო ზაფხულმა ბევრ წეს-კანონშიც მოითხოვა ცვლილება. წესით, ინგლისში 2020-2021 წლების სეზონი ქვეყნის სუპერთასზე (Community Shield) მატჩმა უნდა გახსნას, თუმცა ზუსტად ამ პერიოდს ემთხვევა გადამწყვეტი დაპირისპირებები ჩემპიონთა ლიგასა და ევროპის ლიგაში.
სუპერთასისთვის, მოგეხსენებათ, ჩემპიონმა და თასის მფლობელმა უნდა იბრძოლონ. ჩემპიონის ამბავი გასაგებია – „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგიდან მადრიდის „ატლეტიკომ“ გააგდო და სუპერთასისთვის აუცილებლად იბრძოლებს. რთულად იქნება საქმე თასის მფლობელთან დაკავშირებით. თასის გათამაშებაში დარჩენილი ოთხი პრეტენდენტიდან – „სიტი“, „ჩელსი“, „მანჩესტერი“ და „არსენალი“ – სამი ევროთასებზე თამაშობს. ერთადერთი „არსენალია“ ევროთასებს მიღმა. თუ თასს „მეთოფეები“ აიღებენ, სუპერთასზე კლოპის გუნდს სწორედ ისინი დაუპირისპირდებიან. თუ არა და…
აბა, სუპერთასს ხომ არ ჩაშლიდნენ და ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს: თუ თასის მფლობელი სუპერთასზე ვერ ითამაშებს, მას ჩემპიონშიფის (რანგით მეორე დივიზიონის) გამარჯვებული ჩაანაცვლებს. დღეის მდგომარეობით ჩემპიონშიფს „ვესტ ბრომვიჩი“ ლიდერობს.