ლაუტარო მარტინესი

„ბარსელონას” პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბარტომეუმ RAC1-თან ინტერვიუში კლუბის შესაძლო ტრანსფერებზე ილაპარაკა. მან თქვა, რომ ნეიმარის საკითხი პრობლემურია, ლაუტარო მარტინესთან დაკავშირებით სიტყვა ბანზე ააგდო, „ბრაგაში” მოთამაშე პორტუგალიელ ფრანსისკუ ტრინკაუსა და ლას პალმასელ ესპანელ პედრიზე კი იმედით ილაპარაკა.

ლაუტარო მარტინესის 111 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვადა, რომელიც არგენტინელის კლუბმა „ინტერმა” დათქვა, იწურება. ბარტომეუს კომენტარი ასეთი იყო: „ტრანსფერებზე სეზონის დამთავრების შემდეგ ვილაპარაკებთ. თუ ლაუტაროს გამოსყიდვის ვადა დღეს იწურება, ესე იგი დღეს იწურება და მორჩა. ტრანსფერებზე მაშინ ვიმუშავებთ, როდესაც საამისო დრო დადგება, ჯერ კი სხვა საქმეები გვაქვს. ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ვართ გადართულები”.

ნეიმარზე პრეზიდენტმა თქვა, რომ ბრაზილიელს ამ ზაფხულს „კამპ ნოუზე” სავარაუდოდ ვერ დააბრუნებს.

„ეს ზაფხული დიდი კლუბებისთვის ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მძიმეა. ვნახოთ, პანდემიის შემდეგ როგორ შევძლებთ რესტრუქტურიზაციას — თქვა ბარტომეუმ, შემდეგ კი ტრინკაუსა და პედრის შესახებ დასძინა, — ამ ორის გადმოყვანაზე ნამდვილად ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ მათ „კამპ ნოუზე” ვიხილავთ”.

ბოლოს არტურ მელოს შესახებ: „ტყუილია, თითქოს ჩვენ ის ფულის საშოვნელად გავყიდეთ. ასე რომ ყოფილიყო, სხვა ფეხბურთელებსაც გავუშვებდით. ბევრს ჰყავდა ძალიან კარგი, რეალური მყიდველი. პიანიჩის შეძენაზე კი დიდი კონკურენცია იყო”.

მოგეხსენებათ, არტურ მელო სექტემბრიდან „იუვენტუსში” დაიწყებს თამაშს, „ბარსელონას” კი ტურინიდან 30 წლის ბოსნიელი ნახევარცველი მირალემ პიანიჩი შეუერთდება.