მიკელ არტეტა გააბრაზა იმ ფაქტმა, რომ ედი ნკეტია მოედნიდან გააგდეს, ჯეიმი ვარდი კი არ დაუსჯიათ. „არსენალის” თავკაცმა ნკეტია მოედანზე ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად მეორე ტაიმის 21-ე წუთზე შეიყვანა, ოთხ წუთში კი 21 წლის თავდამსხმელი გააძევეს. ამ მომენტისთვის „მეთოფეები” 1:0-ს იგებდნენ. შეხვედრა 1:1 დამთავრდა.
ნკეტიას წითელი ბარათი იმიტომ აჩვენეს, რომ ჯეიმს ჯასტინთან ორთაბრძოლაში შესვლის წამი სწორად ვერ შეარჩია (იხილეთ ვიდეო). დაიგვიანა და ბურთის მაგივრად მეტოქის ფეხს დაეძგერა. არტეტა კი მიიჩნევს, რომ ვერ-მოზომილი შეჯახების გამო ლესტერელი ვარდიც გასაგდები იყო.
ვარდის ინციდენტი პირველი ტაიმის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. „მელიების” 9 ნომერი მასპინძელთა გერმანელ მცველ შკოდრან მუსტაფის შეუვარდა და ქაცვები პირდაპირ სახეში მოუხვდა, რაც ფოტოზე ძალიან კარგად ჩანს.
სავარაუდოდ, ვარდის მეტოქის დასახიჩრება განზრახული არ ჰქონდა და არც ტექნიკური ილეთის შესრულებას აპირებდა უხეშად, მაგრამ არტეტას სწამს, რომ ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი მაინც გასაგდები იყო.
მიკელ არტეტა: „ედი მეტოქეს ვერ ხედავდა და მის დაშავებას არ აპირებდა. ის ახალგაზრდა ბიჭია, ბავშვია და ეს უნდა გავითვალისწინოთ. ნკეტია არ უნდა გაეძევებინათ. აი, „ლესტერს” კი 42-ე წუთის შემდეგ ათი კაცით უნდა ეთამაშა.
თუ ჩვენ ერთნაირ შემთხვევებზე ვილაპარაკებთ, მაშინ ყველა უნდა განვიხილოთ. მიდგომა ყველას მიმართ ერთნაირი უნდა იყოს, რადგან ფეხბურთელის გაძევება თამაშს ყველასთვის ცვლის. თუ ედი გასაგდები იყო, მაშინ ეჭვგარეშეა, რომ გასაგდებ იყო ვარდიც”.