„ტოტენჰემის” მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ უგო ლორისისა და სონის გაწევ-გამოწევას მშვენიერი უწოდა. ჩრდილო ლონდონელთა ორი წამყვანი ფეხბურთელი „ევერტონთან” შეხვედრის  დროს, პირველი ტაიმის ბოლოს წაეკიდნენ ერთმანეთს, გასაშველებლები გახდნენ. ეს ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს და შეგიძლიათ აქაც იხილოთ. „სფურზმა” „ევერტონს” 1:0 მოუგო.

მატჩის შემდეგ ყველა ელოდა, რომ მოურინიუ აღშფოთებული იქნებოდა, მაგრამ ხელთ აღფრთოვანებული პორტუგალიელი შერჩათ. მომხდარი ძალიან მოსწონებია. „განსაკუთრებულმა” თქვა:

„რაც ვნახეთ, მშვენიერი იყო. როგორც ჩანს, ჩვენმა თათბირებმა შედეგი გამოიღო. თუ გინდათ ამ ინციდენტში ვინმე დაადანაშაულოთ, ეს მე ვარ. მე ხომ სულ ვსაყვედურობდი ჩემს ბიჭებს, რომ საკუთარი თავისა და ერთმანეთისადმი კრიტიკულები არ არიან.

მე მათგან ვითხოვდი თანაგუნდელებისადმი უფრო მომთხოვნები გამხდარიყვნენ, ერთმანეთი წნეხში მოექციათ. და აი, დღეს, პირველი ტაიმის ბოლოს ვნახეთ ინციდენტი ჩვენს გუნდში ყველასთვის საყვარელი ბიჭის, სონის მონაწილეობით, როდესაც კაპიტანმა მიიჩნია, რომ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, ერთ-ერთ ეპიზოდში მას უფრო მეტად უნდა მოენდომებინა.

ორიოდ კაცური სიტყვის გაცვლა კი გუნდური სულისკვეთების ასამაღლებლად და ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია. ერთმანეთისგან მეტის მოთხოვნა ძლიერ პიროვნებებს აყალიბებს.

ამიტომაც, მე შესვენებისას ძალიან კმაყოფილი ვიყავი”.

აღწერილ ეპიზოდთან დაკავშირებით, მატჩის კომენტატორ გარი ნევილს მოურინიუსგან განსხვავებული შთაბეჭდილება დარჩა. მან თქვა, კარგი იქნებოდა ფეხბურთელები ენერგიას მოედანზე რომ ხარჯავდნენ და არა ერთმანეთთან ჩხუბშიო.

შემდეგ გავრცელდა კადრი, სონი და ლორისი გასახდელში როგორ ეხვევიან ერთმანეთს.

წილი
წინა სტატიალოკომოტივის ჭია
შემდეგი სტატიარას არ გაიგებ კაცი…
"სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.