გრემ ჰანტერი

გრემ ჰანტერი გახლავთ ავტორიტეტული სპორტული ჟურნალისტი, მიმომხილველი, ესპანური ფეხბურთის სპეციალისტი, რომელსაც ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არაერთი წიგნი აქვს დაწერილი „ბარსელონასა” თუ ესპანეთის ნაკრებზე, აღებული აქვს ვრცელი ინტერვიუები იბერიის ნახევარკუნძულზე მოღვაწე მწვრთნელებთან იოჰან კრუიფთან, ბობი რობსონთან, ფაბიო კაპელოსთან, ლუი ვან გაალთან და რადომირ ანტიჩთან. ჰანტერი ესპანური ფეხბურთით 1982 წლიდან მოხიბლა, როდესაც ჯერაც ახალგაზრდა შოტლანდიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე გაჰყვა და მას მერე ამ ქვეყნისა ქიციც იცის და ქიცმაცურიც. და აი, ექსპერტი ლეო მესის „მანჩესტერ სიტიში” გადასვლა-არ გადასვლის თემას გამოეხმაურა.

მოგეხსენებათ, ბოლო ხანს აქტიურად წერენ იმის შესახებ, რომ არგენტინელი ვარსკვლავი შესაძლოა „ბარსელონადან” წავიდეს. წერენ იმასაც, რომ დიდი ალბათობით ეს მესის აგენტების ხრიკია, ვაჭრობაა. ისინი „ბარსელონას” აშინებენ, რომ თუ ფეხბურთელს ახალ და კიდევ უფრო სარფიან კონტრაქტს არ გაუფორმებენ, ის სხვაგან წავა. მესის „კამპ ნოუსთან” 2021 წლამდე აქვს ხელშეკრულება.

ესპანურმა რადიო Cadena Ser-მა თქვა, რომ ამჯერად, წინა წლებისგან განსხვავებით, მესი მართლა აპირებს კლუბის გამოცვლას. ESPN კი აცხადებს, რომ „მანჩესტერ სიტი” მესის ბარსელონურ ცხოვრებას მუშტრის განსაკუთრებული თვალით მას მერე აკვირდება, რაც არგენტინელსა და კატალონიური კლუბის სპორტულ დირექტორ ერიკ აბიდალს თებერვალში კონფლიქტი მოუვიდათ.

და აი, რა თქვა გრემ ჰანტერმა შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით:

„ის კლუბი, რომელიც შეეცდება ლეო მესი „ბარსელონადან” წაიყვანოს, უპირველეს ყოვლისა, რასაკვირველია, „მანჩესტერ სიტია”, მაგრამ ასეთი ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება თუკი „ქალაქელების” მწვრთნელი პეპ გვარდიოლა… აღარ იქნება. საქმე ის არის, რომ ყველა ლოგიკით გვარდიოლა უნდა დაეჭვდეს მოერგება თუ არა მესი დღევანდელი „სიტის” ტაქტიკურ სისტემას. მაგრამ, თუ მწვრთნელი წავა, მაშინ „ქალაქელები” ელვის სისწრაფით შეეცდებიან არგენტინელის გადაბირებას”.

დაგვეთანხმებით, ექსპერტის მოსაზრება უცნაური თუ არა, სულ მცირე მოულოდნელია, რადგან სწორედ გვარდიოლა იყო იმ დიდი „ბარსელონას” თავკაცი, რომელმაც ლეო მესის 2008-2012 წლებში უდიდესი ტიტულები მოაგებინა და მსოფლიოს განსხვავებული, ახალი ფეხბურთი აჩვენა.

თუმცა, სავარაუდოდ, ეს ყველაფერი ახალი კონტრაქტის წინა ხმაურია და მესი „ბარსელონადან” არსად წამსვლეელი არ არის.

შეგახსენებთ მესის ასაკსაც. ის 24 ივნისს 33 წლის გახდა.