ამ ბიჭზე სულ ცოტა ხნის წინ, მაგრამ სულ სხვა საკითხთან დაკავშირებით ვწერდით. ლაიტმოტივი ის იყო, რომ 33 წლის დიმიტრი პაიე ფრანგული „მარსელის“ ლიდერი და ქომაგთა უსაყვარლესი ფეზბურთელია. ახლა მარსელელებს პაიე ორმაგად უყვართ და ის, რაც მან გააკეთა, ქალაქში მთელი ღამით ზეიმის მიზეზი გახდა.
No description available.დიმიტრის კლუბთან კონტრაქტი 2022 წლამდე ჰქონდა და წლიურად 6 მილიონ ევროს იღებდა. მან აბსოლუტური ხმაურის გარეშე შესთავაზა კლუბის ხელმძღვანელობას ახალი კონტრაქტის გაფორმება. ბევრ ფეხბურთელს გაიხსენებთ, ხელფასი საკუთარი ნებით შეემცირებინოს? პაიემ ფინანსურ კრიზისში მყოფ კლუბს უთხრა, 2020-21 წლების სეზონში ხელფასი გამინახევრეთ, 2021-22 წლების სეზონში 30% დამიქვითეთ და თუ საჭირო ვიქნები, 2022-24 წლებში 60%-თ შეკვეცილ ხელფასსაც ვიკმარებო.
ჯამში, სხვადასხვა ბონუსებთან ერთად დიმიტრიმ „ველოდრომელებს“ 10 მილიონ ევროზე მეტი დაუზოგა. ეს ამბავი სპეციალურ პრესკონფერენციაზე მხოლოდ მას შემდეგ გახმაურდა, რაც ახალ კონტრაქტს ხელი მოეწერა. მერე კი, როგორც მოგახსენეთ, მარსელში ზეიმი დაიწყო. ხუმრობა საქმე ხომ არ არის 10 მილიონის შეღავათი კლუბისთვის, რომელმაც გასული წელი 85-მილიონიანი დეფიციტით დაასრულა, ამას კი პანდემია და ჩემპიონატის ნაადრევად დასრულება დაემატა.
ისე, საფეხბურთო სტატისტიკოსები პაიეს გასული ათწლეულის ყველაზე კრეატიულ ნახევარმცველად თვლიან. ამ ათ წელიწადში მან პარტნიორებს 974 საგოლე შანსი შეუქმნა. მეორე ადგილზე მესუთ იოზილია (916), მესამე კი ედენ აზარი (830). ამ ჩამონათვალში ლეო მესის (789) მხოლოდ მეხუთე ადგილი უკავია.