„ჩელსის” ამერიკელმა ნახევარმცველმა კრისტიან პულიშიჩმა კვლავ კარგად ითამაშა, რაც დასავლეთლონდონელთა მწვრთნელმა ფრენკ ლემპარდმა ქებით აღნიშნა — „ლურჯებმა” „უოტფორდს” 3:0 მოუგეს და „მანჩესტერ იუნაიტედის” მიერ რამდენიმესაათიანი ჩანაცვლების შემდეგ კვლავ ოთხეულს დაუბრუნდნენ.
21 წლის პულიშიჩმა პენალტი მოინადირა, მაგრამ მარტო ეს ერთი ეპიზოდი არ არის მთავარი — რაც covid 19-ით გამოწვეული უქმობა დასრულდა და სეზონი აღდგა, ამერიკელი „ჩელსის” შემადგენლობაში საუკეთესოა. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ დაიწყს მისი ედენ აზართან შედარება. ჩანაფიქრის თანახმად, ის ხომ სწორედ აზარის შესაცვლელად შეიძინეს.
შეგახსენებთ, რომ ბელგიელი გასულ ზაფხულში „რეალში” გადავიდა და ამ ტრანსფერმა „ლურჯებს” 150 მილიონი გირვანქა შეჰმატა.
აზარი „ჩელსიში” პულიშიჩივით ახალგაზრდა გადავიდა და გუნდის მთავარი ვარსკვლავი გახდა. „სტემფორდ ბრიჯზე” მან მოიპოვა პრემიერლიგის ჩემპიონის ორი ტიტული, ლიგის თასი, ფეხბურთის ასოციაციის თასი და ორჯერაც კონტინენტური ჯილდო, ევროლიგის თასი აღმართა.
ედენ აზარის პირადი მონაგარი გახლდათ 352 შეხვედრაში გატანილი 110 გოლი და ჩაწოდებული 92 საგოლე პასი.
პულიშიჩს ასეთივე შედეგების გასამეორებლად და ვინ იცის, გასაუმჯობესებლადაც, დრო დასჭირდება, მაგრამ ლემპარდი, რომელიც ფეხბურთელობის წლებში აზართან ერთად თამაშობდა, მასში დიდ პოტენციალს ხედავს.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ლემპარდს აზარის და პულიშიჩის შედარება სთხოვეს. პასუხად „ჩელსის” მწვრთნელმა გაიღიმა და უპასუხა: „ამ საკითხში ჩაღრმავება მაინცდამაინც არ მინდა, რადგან ედენთან ერთად ვთამაშობდი. მათ ორივეს შეუძლიათ ფეხბურთელებს შორის დრიბლინგით გასვლა და ორივეს თამაში დიდებული სანახავია.
ის, რაც ედენმა აქ გააკეთა, დიდი საქმე იყო. მან კლუბის წარმატებებში საოცარი პირადი წვლილი შეიტანა.
როგორც გითხარით, არ მინდა ამ შედარებამ ზედმეტად გამიტაცოს, მაგრამ მეორე მხრივ არც ის მინდა, რომ კრისტიანს ნიჭი და შრომა არ დავუფასო. ის „ჩელსიში” ნამდვილად საუცხოო უნარს ამჟღავნებს. ის მოძრაობის დროს ბალანსს იცავს, სწრაფია და ჩინებული დრიბლინგი ეხერხება.
შემდეგი, რასაც პულიშიჩი უნდა დაეჩვიოს მეტი გოლების გატანა და საგოლე პასების ჩაწოდებაა. მეტი პროდუქტი უნდა შექმნას. თუმცა, რაც ჩემპიონატის განახლების შემდეგ, მოკლე დროში, მან უკვე გააკეთა, ძალიან შთამბეჭდავია.
ადრე კრისტიანს ტრავმა აწუხებდა, მაგრამ ახლა კარგად ათამაშდა და მე ეს ძალიან მიხარია”.
აზართან თავის შედარება თვითონ პულიშიჩსაც სთხოვეს. მან უპასუხა: „ედენი „ჩელსისთვის” ძალიან დიდი ფეხბურთელი იყო, ასე რომ არ ვაპირებ ამ მსოფლიო კლასის ფეხბურთელს შევედარო. მე მსურს საკუთარ თავს ვგავდე და იმედი მაქვს, რომ ფანებს ისეთი მოვეწონები, როგორიც ვარ.
დღესდღეობით საკუთარ თავში დარწმუნებული ვთამაშობ და ბედნიერი ვარ, რომ გუნდს ვეხმარები. მინდა ასევე განვაგრძო და საკუთარი თავის რწმენა კიდევ უფრო ავიმაღლო”.