დღეს „მანჩესტერ იუნაიტედი” „ბორნმუთს” მასპინძლობს, მაგრამ დიდი შანსია ვერც ბრუნო ფერნანდეში ათამაშოს და ვერც პოლ პოგბა. ისინი ვარჯიშზე შეჯახებიან ერთმანეთს. უფრო ზუსტად, პოგბა შეეჯახა ფერნანდეშს. რასაკვირველია, შემთხვევით.
როგორც ქერინგტონის საწვრთნელი ბაზიდან იტყობინებიან, ორივე ფეხბურთელი კოჭლობდა. შემდეგ ისინი შესამოწმებლად კლინიკაში წაუყვანიათ. ფერნანდეშის მდგომარეობა უფრო ცუდი იყოო.
ინგლისური მას-მედია ვერ გვეუბნება, თუ რამდენად მძიმეა ერთის ან მეორის ტრავმა. კლუბი ჯერჯერობით ამ ინფორმაციას მალავს.
„მანჩესტერ იუნაიტედის” უახლოესი კალენდარი გადატვირთულია. მიჯრით მოდის მატჩები „ასტონ ვილასა” და „საუთჰემპტონთან”, რასაც ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალიც ემატება.
მანჩესტერელებს წამყვანი ფეხბურთელების დაშავება განსაკუთრებით არ აწყობთ, რადგან გარდა პრემიერლიგისა და ფეხბურთის ასოციაციის თასისა, ევროლიგაშიც გამოდიან და „ლინცერთან” მერვედფინალის საპასუხო შეხვედრა (პირველში „იუნაიტედმა” მოიგო 5:0) აქვთ სათამაშო. მეოთხედფინალიდან კი, დიდი ალბათობით, მინი ტურნირი იქნება, რომელიც აგვისტოში გაიმართება.
ოლე გუნარ სულშერს უკვე აკლდნენ ფილ ჯონსი და ალექს ტუანზებე — ეს უკანასკნელი შემდგომ სეზონამდე ვეღარ ითამაშებს — ასე რომ მწვრთნელმა პირველ გუნდთან 18 წლის იტენ ლეირდს დააწყებინა ვარჯიში.
შეგახსენებთ, რომ ბრუნო ფერნანდეში „მანჩესტერ იუნაიტედში” ლისაბონის „სპორტინგიდან” იანვარში გადავიდა და ამ ხნის განმავლობაში (პანდემიით გამოწვეული უქმობის პერიოდი არ დაგავიწყდეთ) 6 გოლი შეაგდო და 13 საგოლი პასი შეასრულა.
რას ჩემპიონატი განახლდა, პორტუგალიელმა მოედანზე შესანიშნავად აუწყო მხარი პოლ პოგბას, რაც განსაკუთრებით კვირის შუაში, „ბრაიტონთან” გამოჩნდა.
„ბორნმუთთან” შეხვედრას „იუნაიტედისთვის” ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს, რადგან გამარჯვების შემთხვევაში, თუნდაც რამდენიმე საათით, ოთხეულში შეაღწევს. „ჩელსის” თამაში „უოტფორდთან” გვიან იწყება და საეჭვოა, მაგრამ თუკი ფრენკ ლემპარდის გუნდი ქულებსაც დაკარგავს, სულშერის ხალხი შეიძლება სანატრელ ადგილას დამკვიდრდეს კიდეც.
იუნაიტედს უკვე 15 თამაშია არ წაუგია.