„რეალმა” მოიგო. ამჯერად „ხეტაფე” დაამარცხა — 1:0. ახლა მადრიდელები ჩემპიონატის დამთავრებამდე 5 ტურით ადრე „ბარსელონას” 4 ქულით უსწრებენ. შეგახსენებთ, რომ „ბარსამ” ბოლო ოთხ შეხვედრაში სამი ფრე ითამაშა და ლიდერობა დაკარგა.

ყოველთვის საინტერესოა, როგორ აფასებს „თეთრების” შეხვედრას კატალონიური პრესა, რომელიც დედაქალაქელთა ყოველ ქულას ტრადიციულად „მიკროსკოპში ატარებს”.

ამჯერად, პრო-ბარსელონური მედია წერს, რომ „რეალისა” და „ხეტაფეს” შეხვედრა ლიდერისთვის ძნელი გამოდგა. განსაკუთრებით თანაბარი ბრძოლა პირველ ტაიმში იყო, თუმცა საბოლოოდ მატჩი მადრიდულად დამთავრდა — „ლოს ბლანკოსმა” სერხიო რამოსის პენალტით მოიგოო.

რაც შეწყვეტილი სეზონი განახლდა, ეს იყო ცენტრალური მცველის მეოთხე გოლი ექვს თამაშში. პენალტი ოლივიერას მიერ დანი კარვახალის წაქცევის გამო დაინიშნა. ამჯერად (!) თერთმეტმეტრიანი ნამდვილად დასანიშნი იყოო, წერენ კატალონიაში, თუმცა დასძენენ, რომ ამ ეპიზოდამდე კარვახალმა თავის საჯარიმოში დაარღვია თამაშის წესი, რასაც მსაჯებმა წაუყრუეს.

კარვახალი: „მას მერე, რაც „ბარსელონას” „ატლეტიკოსთან” შეხვედრაში ფეხი დაუცდა, ინიციატივა ჩვენს მხარეზე გადმოვიდა და ამიტომ დღევანდელი თამაში ფინალივით იყო. „ხეტაფემ” ძლიერი წინააღმდეგობა გაგვიწია, განსაკუთრებით პირველ ტაიმში.

ახლა, გავხდებით ჩემპიონები თუ ვერა, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. მწვრთნელმა თავიდანვე მკაფიოდ გვითხრა — 11 ტურია დარჩენილი და ჩვენ 33 ქულა უნდა მოვიპოვოთო”.