საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, 2019-2020 წლის სეზონი დასრულებულად გამოცხადდა. ქვეყნის ჩემპიონი და პრიზიორები არ გამოვლენილა.
საქართველოს ექვსივე ჩემპიონატი (ქალთა და კაცთა უმაღლესი ლიგა, ჭაბუკთა და გოგონათა 2-2 ასაკობრივი ჩემპიონატი) მარტის დასაწყისში პანდემიის გამო შეწყდა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილება დახურულ სივრცეებში სპორტული აქტივობების განახლების შესახებ ჯერ არ მიუღია, ხელბურთის ფედერაციამ სეზონის განახლება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
გეტყვით იმასაც, რომ სახელბურთო სეზონი არ განახლებულა ევროპის არცერთ ქვეყანაში –ყველგან შეწყვეტილად გამოცხადდა და ქვეყნების დიდ უმეტესობაში გამარჯვებულები არ გამოვლენილა.
საქართველოში მომდევნო, 2020-21 წლების სეზონი, განრიგის მიხედვით, სექტემბერში უნდა დაიწყოს. ცხადია, თუ ქვეყანაში ვარჯიშისა და თამაშებისთვის შესაფერისი სიტუაცია იქნება.