„დერბი ქაუნთის” ფეხბურთელი ანდრე უიზდომი ნათესავთან მიდიოდა, მაგრამ საავადმყოფოში მოხვდა. ის დაჭრეს და გაძარცვეს. როგორც ჩანს, 27 წლის მცველს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ის თავისი მანქანიდან გადმოდიოდა. ამბავი მერსისაიდში მოხვდა, ტოქსტეთში.
„დერბი ქაუნთი”, მოგეხსენებათ, პრემიერლიგის შემდგომ დონეზე, ჩემპიონშიფში გამოდის, ანდრე უიზდომი კი 2012-17 წლებში „ლივერპულს” ეკუთვნოდა. საკუთრივ წითლების შემადგენლობაში მას 14 თამაში აქვს ჩატარებული; ძირითადად იჯარით იყო ხოლმე გასხვისებული. 2017 წლის შემდეგ „დერბის” საკუთრებაა.
ფეხბურთელის დამ გუშინ თქვა: „ის დაჭრეს და საავადმყოფოშია. ანდრეს მდგომარეობა სტაბილურია. დედა და ჩემი მეორე ძმა ახლა გზაში არიან. რაღაც სიგიჟეა. ვერც კი დამიჯერებია, რომ ასეთი რამ მართლა მოხდა”.
ანდრე უიზდომს თავს „დერბის” მიერ „რედინგის” 2:1 ძლევიდან რამდენიმე საათის შემდეგ დაესხნენ. ამ გამარჯვების წყალობით „დერბის” 57 ქულა და ფლეი-ოფში მოხვედრის უკეთესი შანსი აქვს — მე-6 ადგილზე მყოფ „კარდიფს”, 3 ქულით ჩამორჩება. ასე რომ, „დერბიმ” შესაძლოა პრემიერლიგაში გადასვლისთვისაც კი იბრძოლოს.
უიზდომის დაჭრის დეტალებზე ჯერჯერობით არაფერს ჰყვებიან, მაგრამ დაჟინებით იმეორებენ, რომ თავად ფეხბურთელს შარი არ უძებნია — აგრესიის მსხვერპლია.
ანდრე უიზდომი გამარჯვების შემდეგ ჩინებულ გუნებაზე იყო. რაც ნამდვილად არ უნდოდა, ვინმესთან კონფლიქტი და საავადმყოფოში მოხვედრა გახლდათ. მითუფრო, რომ მან „რედინგთან” გამორჩევით კარგად ითამაშა და ფანები „ტვიტერში” წერდნენ საუკეთესო მოთამაშედ ის უნდა დაესახელებინათო.