„რეალმა” ბარსელონაში ქალაქის მეორე გუნდ „ესპანიოლს” 1:0 მოუგო და 32 ტურის შემდეგ პირველ გუნდ „ბარსელონას” 2 ქულით უსწრებს.
მადრიდელების გამარჯვებაში ყველაზე ეფექტური საგოლე პასი გახლდათ. ქარიმ ბენზემამ პირველი ტაიმის მიწურულს კაზემიროს ბურთი ქუსლით ისე მიაწოდა, რომ „ესპანიოლის” მცველებიცა და ტელემაყურებელიც სახტად დატოვა, ხოლო მთელს მსოფლიოში, სოციალურ ქსელებში, ხალხს 10 წლის წინანდელი ეპიზოდი გაახსენდა, როდესაც „დეპორტივოსთან” შეხვედრაში იმავე ბენზემას გუტიმ მიაწოდა შესანიშნავი საგოლე პასი ქუსლით. სავარაუდოდ, ფრანგის გუშინდელი პასი გუტის ათი წლის წინანდელს სჯობდა.
„ამ მომენტში ნამდვილად კარგად ვითამაშე, მაგრამ მთავარი ხომ მაინც გოლია. კაზემირომ პასი შეირგო. ვიცოდი, რომ უკან მომყვებოდა.
გოლმა ძალიან გაგვახარა. მე ასეთი ფეხბურთი მიყვარს.
„ბარსელონას” შედეგებს, რასაკვირველია, ვაკვირდებით, მაგრამ მთავარი ყურადღება საკუთარ თამაშზე გვაქვს გადატანილი. „ბარსელონაზე” მე ვერ ვილაპარაკებ, ჩვენზე კი ვიტყვი, რომ კარგად ვთამაშობთ.
გვინდა ყველა დარჩენილი შეხვედრა მოვიგოთ. დღეს, ჩვენთვის, ლა ლიგაში, ყველა მატჩი ხომ რეალურად ფინალია” — თქვა ბენზემამ.
კატალონიურ პრესაში მსაჯების მხრიდან „რეალის” დახმარებაზე ამჯერად ყურადღება აღარ გაუმახვილებიათ, თანაქალაქელებს კი უსაყვედურეს, როდესაც ლიგიდან ვარდებით და ქულები ჰაერივით გჭირდებათ, ხელსაყრელი მომენტები უნდა გამოიყენოთო.
რასაკვირველია, გოლების გატანა შეეძლოთ „თეთრებსაც”. საბოლოოდ, სტუმრების უპირატესობა აშკარა იყო, ხოლო შედეგი — სამართლიანი.
ხვალ, შუაღამისას „ბარსელონა” „ატლეტიკოს” მასპინძლობს, ხოლო რეალი 2 ივლისს, ხუთშაბათს შინ დაუხვდება „ხეტაფეს”, რომელიც მადრიდს მიბმული პატარა ქალაქ-დასახლების გუნდია.