„რეალმა” სან სებასტიანში „რეალ სოსიედადს” რომ მოუგო, ჩვენ კატალონიური „სპორტის” მიმოხილვა შემოგთავაზეთ. გუშინ, როდესაც „ბარსელონამ” ვიგოში „სელტასთან” 2:2 ითამაშა, გთავაზობთ მადრიდულ „მარკაში” დაწერილ გარჩევას.
შეგახსენებთ, რომ 20 აპრილამდე „ბარსა” ლა ლიგის ცხრილში ლიდერობდა, მაგრამ როდესაც „სევილიას” ვერ მოუგო (0:0), სატურნირო რეალობა შეიცვალა: იმ დღის მერე თუკი ესპანური დოღის მონაწილე ორივე გუნდი ყველა დარჩენილ შეხვედრას მოიგებდა და ქულათა თანაბარ რაოდენობას დააგროვებდა, ჩემპიონი მადრიდი გახდებოდა, რადგან ამ სეზონში, პირად შეხვედრებში, აჯობა კონკურენტს.
„ბლაუგრანამ” და „თეთრებმა” მართლაც დაიწყეს შეხვედრების ერთიმეორეს მიყოლებით მოგება, ოღონდ „დოღს” ლაიტმოტივად მიჰყვებოდა კატალონიური პრესის სტატიები, სადაც იწერებოდა, რომ „რეალს” მსაჯები ეხმარებიან. მოკლედ, ყველაფერი ლა ლიგის საფეხბურთო და ემოციურ სტანდარტებს შეესაბამებოდა, მაგრამ გუშინ ვითარება კიდევ ერთხელ შეიცვალა — „ბარსელონამ” „სელტასთან” მორიგი ორი ქულა დაკარგა.
„მარკა” წერს: „ბარსელონამ” საჩემპიონო იმედების ნახევარი „ბალიადოსზე” დატოვა. ეს იყო მორიგი წარუმატებლობა სტუმრად. „ბლაუგრანამ” კვლავ დაუშვა ძველი შეცდომები. დიახ, პირველ ტაიმში გუნდი კარგად თამაშობდა და დიახ, ლიონელ მესი და ლუის სუარესი ერთმანეთს კარგ პარტნიორობას უწევდნენ, მაგრამ ეს საკმარისი აღარ არის. „ბარსელონა” მეტი უნდა იყოს, ვიდრე ორი საუცხოო მოთამაშე. და კიდევ, აშკარაა, რომ კიკე სეტიენმა არ იცის თავის ფეხბურთელებს საუკეთესო თვისებები როგორ გამოავლენინოს.
„ბალაიდოსზე” კვლავ ვიხილეთ დაცვის შეცდომები. გაუგებარია, რატომ ჯიუტობს სეტიენი სამუელ უმტიტისთან დაკავშირებით. სწორედ მწვრთნელის ეს სიჯიუტე დაუჯდა „ბარსელონას” „სელტას” პირველ გოლად. ის ვერ მიხვდა რითი უნდა ეპასუხა გალისიელთა გუნდში არსებული ცვლილებებისთვის. მეორე ტაიმში ხომ „სელტა” სხვანაირი გუნდი იყო, განსაკუთრებით მას მერე, რაც მოედანზე რაფინია და ნოლიტო გამოჩნდნენ. მაგრამ, ამ ორ ცვლილებას სტუმართა სათადარიგოთა სკამიდან არაფერი დაუპირისპირეს.
სეტიენმა შეხვედრის დამთავრებამდე ხუთი წუთით ადრე მოედანზე არტურ მელო შეიყვანა. არადა, წინა დღეს მწვრთნელმა, პრეს-კონფერენციაზე, ბრაზილიელის პატიოსნება ეჭვქვეშ დააყენა. მისი მხრიდან ეს იყო ერთად აღებული აბსოლუტური ტაქტიკური უმეცრება და პიროვნული უპატივცემულობა.
მოკლედ, სეტიენმა კვლავ ვერ მიაგნო სტუმრად არ-წაგების ფორმულას. არადა, შაბათს, ლუის სუარესმა თავისი საქმე გააკეთა. ახლა უკვე აშკარაა, რომ მწვრთნელს ფეხბურთელებთან იდეალური ურთიერთობები არ აქვს. გამოჩნდა, რომ გუნდს ნაბიჯიც არ გადაუდგამს იმისკენ, რასაც ფეხბურთელები ითხოვდნენ: ორი დარჩენილი შეჯიბრების მოგებას! „ბარსელონა” იგივე გუნდია, სეზონის შეწყვეტამდე რომ იყო”.