ლეგენდარული ბერძენი კალათბურთელები, ფრაგიკოს ალვერტისი და დიმიტრის დიამანტიდისი, ტაკის ტრაინტოპოლუსთან ერთად „პანათინაიკოსის“ ხელმძღვანელობაში იქნებიან, თუმცა, მხოლოდ კლუბის გაყიდვამდე.

საკალათბურთო კარიერის დროს ალვერტისი და დიამანტიდისი „პანათინაიკოსის“ ღირსებას იცავდნენ. ალვერტისმა 5-ჯერ მოიგო ევროლიგის ტიტული, ხოლო დიამანტიდისმა – 3-ჯერ.

ამ კალათბურთელების გუნდის ხელმძღვანელობაში მისვლა გამოიწვია „პაოს“ პრეზიდენტის, მანოს პაპადოპულოსის წასვლამ, რომელიც 30 წელი მუშაობდა ბერძნულ გრანდში.

გაყიდვა ვახსენეთ და, „პანათინაიკოსის“ მფლობელი დიმიტრის იანაკოპულოსი გუნდის გაყიდვას 25 მილიონ ევროდ ფიქრობს. იანაკოპულოსს ასევე სურდა, რომ „პაოს“ ევროლიგა დაეტოვებინა და FIBA-ს ჩემპიონთა ლიგაში გაეგრძელებინა თამაში, მაგრამ ეს სცენარი არ გამოვიდა, რადგან „პანათინაიკოსსა“ და კიდევ 10 კლუბს ევროლიგასთან 10-წლიანი კონტრაქტი აქვს დადებული და ეს ვადა არ ამოწურულა.