ლა ლიგის დოღში ამოსუნთქვა გამორიცხულია: ახლა „რეალმა” მოიგო თავისი შეხვედრა. მადრიდელებს „მალიორკა” ესტუმრათ. შეხვედრა დამთავრდა 2:0.
შეგახსენებთ, რომ ორიოდ ტურის წინ „ბარსელონა” ლიდერობდა, მაგრამ „სევილიას” ვერ მოუგო (0:0), რის გამოც შეიქმნა ასეთი სიტუაცია: თუკი დარჩენილ ტურებში „ბარსაც” გაიმარჯვებს და „რეალიც”, ჩემპიონი „რეალი” გახდება. მიზეზი: მიმდინარე სეზონში, პირად შეხვედრებში, მადრიდელებმა კატალონიელებს აჯობეს.
მიაქცევდით ყურადღებას, რომ „ბარსელონას” ბანაკი „რეალის” გამარჯვებებს დიდწილად მსაჯების დახმარებას აწერს. ასე იყო წინა ტურში, როდესაც „თეთრებმა” „რეალ სოსიედადს” მოუგეს, და ასეა ახლაც, „მალიორკასთან” მატჩის შემდეგ.
კატალონიური პრესა აცხადებს, რომ „რეალის” პირველი გოლი, რომელიც ვინისიუს ჟუნიორმა გაიტანა, არ უნდა ჩათვლილიყო. თავად ვინისიუსს არაფერს საყვედურობენ და მეტიც, ამბობენ, რომ 19 წლის ბრაზილიელმა ეპიზოდი ტექნიკურად უზადოდ შეასრულა, მაგრამ ამტკიცებენ, რომ ბურთი ვინისიუსამდე არ უნდა მისულიყო, რადგან მოედნის ცენტრში დანი კარვახალმა დანი როდრიგესი წააქცია. მოკლედ, „რეალმა” ბურთი წესების დარღვევით მოიპოვაო.
ამ ეპიზოდის ვიდეოს ქვემოთ გთავაზობთ. შეგიძლიათ ის ნახოთ და დაეთანხმოთ ან არ დაეთანხმოთ კატალონიურ პრესას.
ასეთი ძღვენის შემდეგ მადრიდელებს „მალიორკას” დამარცხება როგორღა გაუჭირდებოდათო, წერენ ბარსელონაში და ოსტატობას უქებენ სერხიო რამოსს, რომელმაც შესვენების შემდეგ შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით მეორე გოლი გაიტანა. „რეალის” კაპიტანს გოლების თვალსაზრისით ნაყოფიერი პერიოდი უდგას.
ვინისიუსმა ერთ ეპიზოდში ძელსაც გაარტყა ბურთი.
ამ შეხვედრაში იყო კიდევ ერთი საინტერესო მომენტი. სტუმრებმა მოედანზე შეიყვანეს მექსიკელი ლუკა რომერო, რომელიც 15 წლისა და 219 დღისა გახლდათ, რითაც ის გახდა უმრწმესი მოთამაშე ვისაც ლა ლიგაში ბურთი გაუგორებია.
შემდეგი შეხვედრა „ბარსელონას” 27 ივნისს ვიგოში აქვს, „სელტასთან”; რეალი” კი 28 ივნისს, ბარსელონაში „ესპანიოლს” ხვდება.