
მიუხედავად საშინელი ფინანსური მდგომარეობისა, რასაც უეფას მხრიდან სანქციები მოჰყვა, ფრანგული „მარსელის“ ხელმძღვანელობა გუნდის ლიდერებთან განშორებას არ აპირებს.
„ტოვენი, პაიე და მანდანდა გუნდში რჩებიან. თუნდაც ჯარიმის გადახდად დაგვიჯდეს, ხმაურიან გაყიდვებს ჩვენგან არ ელოდეთ. გვინდა, ჩემპიონთა ლიგაში კონკურენტუნარიანები ვიყოთ, თუმცა არც ეკონომიკური ფაქტორები გვავიწყდება. გუნდში შემდგომი ფინანსური ინექციები დაუშვებელია. განვითარების სტაბილურ ფაზაში უნდა გადავიდეთ,“ – განაცხადა „მარსელის“ პრეზიდენტმა ჟაკ-ანრი ეირომ.
27 წლის ტოვენის კონტრაქტს ერთი წლის შემდეგ გასდის ვადა. უმძიმესი ტრავმის გამო მსიფლიოს 2018 წლის ჩემპიონმა გასულ სეზონში სულ 20 წუთი ითამაშა, მაგრამ მისით კვლავაც დაინტერესებულნი არიან „მილანი“ და „რომა“; იმავდროულად, დმიტრი პაიე და სტივ მანდანდა სეზონის სიმბოლურში კი მოხვდნენ, მაგრამ სატრანსფერო ბაზარზე დიდი მოთხოვნით არ სარგებლობენ – ორივე გვარიანად გადასცდა 30-ს. სამაგიეროდ, ისინი მარსელში უზომოდ პოპულარულნი არიან და პრეზედენტის დაპირება, არ გავყიდიო, ქომაგების გულის მოსაგებად უფრო იყო ნათქვამი.
ვნახოთ, გაამართლებს თუ არა ეიროს სტრატეგია და რამდენად გადაფარავს ჩემპიონთა ლიგა უეფას ფინანსურ სანქციას.