რიკი პუიგი

„ბარსელონამ” იცოდა, რომ უნდა მოეგო. მან ასევე უნდა მოიგოს ყველა დარჩენილი შეხვედრა, რათა ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნოს, ხოლო იმისათვის, რომ ჩემპიონი გახდეს, „რეალსაც” უნდა დაუცდეს სადმე ფეხი.

„ბილბაოსთან” კატალონიელები უფრო ცოცხლად თამაშობდნენ ვიდრე „სევილიასთან”, რომელსაც ვერ მოუგეს (0:0), თუმცა იმდენი საგოლე მომენტი კარგ ფორმაში ყოფნისას რომ სჩვევიათ, ვერ შექმნეს.

შესვენების შემდეგ კიკე სეტიენმა არტურის ნაცვლად მოედანზე ახალგაზრდა რიკი პუიგი შეიყვანა. სხვათა შორის, ბევრი არტურის თამაშს არც ელოდა, რადგან დაირხა ჭორი, რომ ის „იუვენტუსში” გადავიდა. პუიგმა გუნდს ახალგაზრდული ნაპერწკალი შეჰმატა, რის შემდეგაც, მალე, მწვრთნელმა გუნდს კიდევ ერთი ახალგაზრდა, ანსუ ფატი დაამატა, რომელმაც ანტუან გრიზმანი შეცვალა. ეს გახლდათ ნათელი მაგალითი იმისა, რომ სეტიენი ახალგაზრდებს ეყრდნობა, თუმცა შეხვედრის ერთადერთი გოლი მაინც ვეტერანმა ივან რაკიტიჩმა გაიტანა. რაკიტიჩი ანსუ ფატისთან ერთად, 64-ე წუთზე ჩაერთო თამაშში.

გოლი ბასკების დაცვაში შექმნილ მცირე დაბნეულობას მოჰყვა. ამ ეპიზოდში მართალია მცირე რიკოშეტი იყო, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ხორვატს ასისტენტობა ლეო მესიმ გაუწია.

დღეს არგენტინელი 33 წლის გახდა. გუშინ მან „ბარსელონას” მაისურით 250-ე საგოლე პასი შეასრულა.

დაბადების დღის წინა საღამოს მესი მოედანზე კარიერაში გატანილი 699 გოლით გავიდა და თამაშის ბოლოს შეეძლო მეშვიდასე გაეტანა, მაგრამ ოდნავ ააცილა.

აი, შემდეგ კი ბილბაოელ რაულ გარსიას უნდა გაეთანაბრებინა ანგარიში. ტერ შტეგენმა ჩაკიდებული ბურთი „ყლაპა”, გარსიას კი თავის მიკვრაღა დარჩენოდა, მაგრამ კატალონიელების გასახარად, ვერ შეძლო.

რაკიტიჩი: „თამაში ჩვენ გემოზე რომ წარგვემართა, ვიწვალეთ. ადვილი შეხვედრა არ იყო, მაგრამ მიხარია, რომ სეზონის პირველი გოლი გავიტანე და მისი წყალობით მოვიგეთ. მინდა ეს გოლი ჩემს ცოლს და გოგონებს მივუძღვნა, რომლებიც ბოლო თვეებში საოცრად მედგნენ მხარში. უცნაურია, რომ ჩემპიონატის განმავლობაში ამდენი ხანი გოლის გატანა ვერ მოვახერხე. ჩემს თავზე გაბრაზებული ვარ, თუმცა მიხარია, რომ გუნდს დავეხმარე”.

ამრიგად, „ბარსამ” თავისი მოსაგები მოიგო. დღეს, შუაღამისას, „რეალის” პასუხს ველოდებით. მადრიდელები „მალიორკას” მასპინძლობენ.