საყურადღებო რამ მოხდა მანჩესტერში, სადაც „სიტიმ” „ბარნლის” 5:0 მოუგო. თამაშის დაწყებამდე, როდესაც ფეხბურთელებმა ამერიკაში, თეთრკანიანი პოლიციელის მიერ მოკლული შავკანიანის ხსოვნის პატივსაცემად მოედნის ცენტრში მუხლი მოიყარეს, „ეტიჰედ სთედიუმს”  თვითმფრინავმა გადაუფრინა. თვითმფრინავს ბანერი ჰქონდა გამობმული: White Lives Matter Burnley”.

ცოტა ვრცლად: აშშ-ში, კერძოდ მინეაპოლისში, თეთრკანიანმა პოლიციელმა დერეკ ჩოვინმა შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი დაკავების დროს ყელზე მუხლის დაჭერით დაახრჩო, რამაც მთელს მსოფლიოში მღელვარება და პროტესტი გამოიწვია. პროტესტის სლოგანია Black Lives Matter ანუ, შავი სიცოცხლეც ფასეულია. და აი, მანჩესტერის სტადიონის თავზე გადაიფრინა თვითმფრინავმა პლაკატით: „თეთრი სიცოცხლეც ფასეულია. ბარნლი”.

როგორც ჩანს, მავანი ბარნელები არ ეთანხმებიან აქცენტის რასიზმზე გადატანას და მიიჩნევენ, რომ ყველას სიცოცხლე ფასეულია, მაგრამ დინების საწინააღმდეგოდ ცურვა გამოუვიდათ. თუმცა, შეიძლება ასეც ჰქონდათ ჩაფიქრებული. ყურადღების მიპყრობა უნდოდათ.

„თვითმფრინავის აქციამ” ინგლისურ საფეხბურთო სამყაროში დიდი აღშფოთება და მღელვარება გამოიწვია. იქ სადაც რამდენიმე დღის წინ, თვით პეპ გვარდიოლა ამბობდა, რომ თეთრკანიანებმა შავკანიანებს 400 წლის განმავლობაში ცუდი მოპყრობის გამო ბოდიში უნდა მოუხადონ, ბანერს White Lives Matter გაგებით ვერ შეხვდებოდნენ.

„ბარნლიმ” მყისვე გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელშიც პირობა დადო, რომ ინციდენტს გამოიძიებს, დამნაშავეთა ჯგუფს იპოვის და სტადიონზე აღარ შეუშვებს. განცხადებაში ეწერა, რომ კლუბი სრულიად უერთდება მოძრაობას „შავი სიცოცხლეც ფასეულია” და ბოდიშს იხდის პრემიერლიგის, „მანჩესტერ სიტისა” და მოძრაობის ყველა მხარდამჭერის წინაშე.

ბენ მი

მატჩის შემდეგ, „სქაი სპორტს” ინტერვიუ მისცა „ბარნლის” ფეხბურთელმა ბენ მიმ, რომელიც გულწრფელად გახლდათ აღშფოთებული და კომენტარი ფეხბურთზე კი არა, თვითმფრინავის ინციდენტზე გააკეთა. მან თქვა, რომ გონებაარეულ ადამიანთა მცირე ჯგუფმა მთელს კლუბს მოსცხო ჩირქი; რომ დროა 21-ე საუკუნეში ხალხმა საკუთარი თავი აღზარდოს; რომ საზოგადოებაში რასის, სქესის, რელიგიური კუთვნილებისა და სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად ყველა თანაბარი უნდა იყოს. „მანჩესტერ სიტის” ყოფილმა მოთამაშემ მიკა რიჩარდსმა კი თქვა, რომ ის ადრე ბენ მისთან ერთად თამაშობდა და კარგად იცის, რომ მი ალალი კაცია. შემდეგ, რიჩარდსმა დასძინა:

„ბევრთან მილაპარაკია და ბევრს უთქვამს, რომ ასეთი ამბები იქ, ამერიკაში ხდება, ჩვენთან, ინგლისში კი არა. დღეს დამტკიცდა, რომ მსგავსი განწყობები ინგლისშიც არსებობს. მე ნავთზე ცეცხლის დასხმა არ მინდა, უბრალოდ მსურს ხალხი გავანათლო. მინდა ვკითხო მათ, რატომ ფიქრობენ ასე? სანამ ამ კითხვაზე პასუხს არ მივიღებთ, არაფერი შეიცვლება”.

ყოფილმა ფეხბურთელმა დარენ ბენტმა კი ხელები გაშალა: „რა უცნაური დამთხვევაა, „ბარნლის” მხოლოდ თეთრი ფეხბურთელები ჰყავს”…