დღეს შუაღამისას ანუ საქართველოსთვის ფორმალურად უკვე ხვალ, „ბარსელონა” „ბილბაოს” უმასპინძლებს.

„ბარსა” პირველ ადგილზე აღარ არის. იმის გამო, რომ პარასკევს „სევილიას” ვერ მოუგო (0:0), ინიციატივა „რეალს” გადააბარა, მადრიდის გუნდმა კი თავის წილ „რეალ სოსიედადს” 2:1 სძლია და გალიდერდა. „რეალის” და „სოსიედადის” შეხვედრამ, როგორც ვწერდით, კამათი გამოიწვია.

დღევანდელი მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე „ბლაუგრანას” თავკაცმა კიკე სეტიენმა თქვა: „არის რაღაცები, რასაც ვერ ვაკონტროლებთ და ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ ჩვენი შეხვედრების მოგება უნდა ვცადოთ. აი, ეს არის რაც „ბარსელონამ” უნდა გააკეთოს. რაც შეეხება „რეალის” თამაშს, ის ყველამ ნახა და ყველას თავისი შთაბეჭდილება შეექმნა”.

„სევილიასთან” ფრის შემდეგ ჟერარდ პიკემ თქვა, რომ ამიერიდან ჩემპიონობა მათზე აღარ არის დამოკიდებული და თუკი ბოლოხანს ნანახის მიხედვით ვიმსჯელებთ, ტიტულის მოგება ძალიან გაჭირდება. კატალონიური „სპორტი” წერს, პიკე ამ სიტყვებში გულისხმობდა, რომ მსაჯები „რეალს” ეხმარებიანო.

სეტიენი: „პიკეზე რა შემიძლია გითხრათ. ახლა კი არა, დიდი ხანია ვაკვირდები და ჭკვიან კაცად მიმაჩნია”.

ბოლოს კი სეტიენს VAR-ის შესახებაც ჰკითხეს. „ბარსას” მწვრთნელმა უპასუხა:

„რაც შეეხება ვიდეორეფერის, გეტყვით, რომ ეს არის ტექნიკური საშუალება, რომელსაც თამაშის გაუმჯობესება შეუძლია. ჩვენ ის იმ შემთხვევებში უნდა გამოვიყენოთ, როდესაც სწრაფი გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები. VAR-ს შეუძლია სიტუაცია სხვადასხვა მხრიდან დაგვანახოს.

თუმცა, ისიც გასაგებია, რატომ გვიჩნდება კითხვა, როდესაც ერთ შეხვედრაში იღებენ გარკვეულ გადაწყვეტილებას, მეორეში კი საპირისპიროს. ასეთ დროს შეიძლება იფიქრო, რომ VAR-ს კეთილსინდისიერად არ იყენებენ”.