როდესაც პარასკევს „ბარსელონამ” „სევილიას” ვერ მოუგო (0:0), ითქვა, რომ ამიერიდან კატალონიელებზე აღარაფერია დამოკიდებული. სადავეები „რეალის” ხელში გადავიდა. მიზეზი: მიმდინარე სეზონში „რეალმა” „ბარსას” პირად შეხვედრებში აჯობა და ამიტომ, თუკი ეს ორი გუნდი ქულათა თანაბარ რაოდენობას დააგროვებს, ჩემპიონად მადრიდი გამოცხადდება. ამისათვის კი საჭიროა „თეთრებმა” ყველა დარჩენილ შეხვედრაში გაიმარჯვონ.

და აი, კვირას, სან საბასტიანში, „რეალ სოსიედადთან”, „რეალმა” დარჩენილი 9 მატჩიდან პირველი მოიგო (2:1), თუმცა „ბარსელონას” ბანაკს პრეტენზია გაუჩნდა, ჩვენ კი იმისათვის, რომ მათი უკმაყოფილების მიზეზი თვალნათლივ წარმოვიდგინოთ, ქვემოთ პირდაპირ კატალონიურ „სპორტში” გამოქვეყნებული მიმოხილვა ვთარგმნოთ:

„ჟერარდ პიკე პარასკევს საჩემპიონო ბრძოლაში შექმნილი ვითარებით უკმაყოფილო დარჩა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ის უკმაყოფილო იყო მსაჯობითაც, მაგრამ ვინ იცის რას ფიქრობს პიკე გუშინდელს შემდეგ.

მადრიდელების სასარგებლოდ მიღებული რომელიმე ერთი გადაწყვეტილება კი არ იყო შოკისმომგვრელად ცუდი, ყველა მათგანი ასეთი გახლდათ.

კაზემირომ მიკელ მერინოს იდაყვი მიარტყა, მაგრამ ის მოედნიდან არ გააძევეს; ვინისიუს ჟუნიორის წაქცევის ეპიზოდში ყველაზე „ლაითი” პენალტი დანიშნეს; ადნან იანუზაის გოლი არ ჩაუთვალეს, იმიტომ, რომ ტიბო კურტუას სულ ოდნავ ეფარებოდნენ; ქარიმ ბენზემას გოლი კი ჩათვალეს (ქვემოთ ვიდეოზე), მიუხედავად იმისა, რომ ბურთი მას მკლავში მოხვდა… მადრიდმა მიიღო ყველაფერი, რაც უნდოდა.

„რეალის” სასტარტო შემადგენლობაში ედენ აზარის ნაცვლად ხამეს როდრიგესმა ითამაშა და პირველი ტაიმი წყნარი გამოდგა, კაზემიროს მიერ მერინოსთვის იდაყვის მირტყმის ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით.

მთელი შეხვედრა ასეთი საეჭვო ეპიზოდების გარშემო ტრიალებდა.

შემდეგი იყო, როდესაც ვინისიუსი დიეგო ლორენტეს ზეწოლის ქვეშ საჯარიმოში წაიქცა. ამ მომენტში, სავარაუდოდ, დარღვევა საერთოდ არ ყოფილა ან თუ იყო, მეტისმეტად მსუბუქი. ამის მიუხედავად მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც VAR-მა ძალაში დატოვა და სერხიო რამოსმა გოლი გაიტანა.

ეს გახლდათ რამოსის 68-ე გოლი ლა ლიგაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მცველთა შორის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მაგრამ რამოსს სიხარული დიდხანს არ დასცალდა, რადგან მუხლი იტკინა და მოედანი დატოვა.

მერე, იანუზაიმ გაქვითა ანგარიში, უფრო სწორედ ეგონა, რომ გაქვითა, მაგრამ გოლი იმ საეჭვო მოსაზრების გამო არ ჩაითვალა, რომ „რეალ სოსიედადს” ერთი მოთამაშე თამაშგარეში ჰყავდა ჩარჩენილი და ვითომ ის კურტუას თვალსაწიერს უფარავდა.

შემდეგ ბენზემამ გაიტანა და მართალია „სოსიედადის” ფეხბურთელები ამტკიცებდნენ, რომ მან ბურთი ხელით გააჩერა, გოლი ჩათვალეს.

თამაშის ბოლო მერინოს ზუსტმა დარტყმამ შეხვედრას შედარებით ამაღელვებელი ფინალი მოუტანა, მაგრამ ეს ძალიან ცოტა გამოდგა „რეალისა” და მსაჯების რეგულარული ტენდენციური გადაწყვეტილებების წინააღმდეგ.