გარდაუვალი კორონაცია გადაიდო! — ეს წინადადება ინგლისური მას-მედიისგან ვისესხეთ. ლივერპულში, „გუდისონ პარკზე”, ჩატარდა „უსისხლო” მერსისაიდური დერბი, რომელიც 0:0 დასრულდა. შედეგად, თითქმის ჩემპიონი „ლივერპული” დარჩა ისევ იქ, სადაც კორონავირუსის პანდემიამდე იყო.

ახლა, თუკი „წითლების” მდევარი, „მანჩესტერ სიტი”, შეხვედრას შეხვედრაზე მოიგებს, 2 ივლისს, „ეტიჰედზე”, „ლივერპული” მასთან სათამაშოდ რომ ჩავა, ჯერ კიდევ არ იქნება ჩემპიონი. სტატისტიკაც ჯიუტად მეტყველებს, რომ სეზონის შეწყვეტამდე, ჩემპიონთა ლიგიდან და ფეხბურთის ასოციაციის თასიდან გამოვარდნის ჩათვლით, იურგენ კლოპის გუნდმა ექვსიდან ოთხი წააგო.

მერსისაიდური დერბის საერთო სურათიც რაღაცნაირი, არავარსკვლავური იყო: ბურთს მეტწილად კლოპის გუნდი ფლობდა, მაგრამ თამაშის ყველაზე მწვავე მომენტი „ევერტონს” ჰქონდა, როდესაც საფინალო სასტვენამდე ათი წუთით ადრე ტომ დევისმა ძელს გაარტყა. მოკლედ, მართალია „ევერტონს” თანაქალაქელებისთვის 22 დერბია რაც არ მოუგია და იანვარში, ასოციაციის თასზე, მას „ლივერპულის” ყმაწვილებმა სრულიად შეურაცხმყოფელად გადაურბინეს, მაგრამ ახლა „ირისებს” შეუძლიათ დაიტრაბახონ, რომ ქალაქის წითელ ნახევარს ზეიმი გადაუვადეს და ცოტათი გაუფუჭეს კიდეც.

ისევ სტატისტიკა: ბოლო ოთხ სტუმრად ჩატარებულ მატჩში „ლივერპულმა” გოლი ვერ გაიტანა.

და მაინც, ამ სეზონში „წითლებმა” იმდენხანს ითამაშეს ზღაპრული ფეხბურთი და ქულათა ისეთი მარაგი დააგროვეს, რომ მათი ჩემპიონობის ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება. წარმოიდგინეთ, ეს იყო მხოლოდ მესამე შეხვედრა, მათ რომ ვერ მოიგეს. ასე რომ კითხვა დგას ასე: „როდის?”;  და არა ასე: „გახდება კი?”

შეგახსენებთთ, რომ „ლივერპული” 30 წელია ინგლისის ჩემპიონი არ ყოფილა.

მერსისაიდურ დერბიში გაჩნდა ეჭვი, რომ „ლივერპული”, რომელიც ჩვეულებრივ ზეადამიანური ინტენსივობის ფეხბურთს თამაშობს, სავსე ტრიბუნების გარეშე თავის „ვამპირულ” ენერგიას ვერ იღებს. კლოპი რომ კლოპია, საკუთარ თავს ბოლომდე ისიც კი არ ჰგავდაო, წერდა ერთი ინგლისური გამოცემა.

გერმანელის განკარგულებაში არ იყო ტრავმირებული ენდი რობერტსონი, ხოლო ვარსკვლავთ ვარსკვლავმა მო სალაჰმა თამაშს სათადარიგოთა სკამიდან უყურა.

თავის მხრივ, „ევერტონის” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ ყმაწვილკაც ენტონი გორდონს კარიერაში პირველი პრემიერლიგური სტარტი აჩუქა — როგორია, დიდ ფეხბურთში კარიერას მერსისაიდურ დერბიში, თან „ლივერპულის” ასეთი აღზევების წელიწადს რომ ჩაატარებ?

შეხვედრის დეტალურად აღწერას კი არ შევუდგებით. უბრალოდ ვიტყვით, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გამო სტუმრებს ტანსაცმლის გამოცვლა „გუდისონ პარკის” პარკინგზე აგებულ დროებით ჯიხურებში მოუხდათ და მოედანზეც რაღაც უცნაური მხრიდან შევდნენ.

შეეძლოთ „ენფილდზეც” გამოეცვალათ, ქალაქ ლივერპულის ორი მოქიშპე გუნდის სტადიონებს შოორის ხომ სულ კილომეტრნახევარია.